თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. „აბრეშუმის გზა“ — ეს ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი ხიდია, სადაც საქართველოს ისტორიული როლი აქვს მინიჭებული, განაცხადა საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.
ახალი პროექტების „ელექტრონული აბრეშუმის გზა“ და „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის“ პრეზენტაცია სამშაბათს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
ღონისძიება საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის (SRCIC) ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციას ხელმძღვანელობს პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი.
„პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, განავითაროს ინფრასტრუქტურა და ქვეყანა ჩაერთოს საერთაშორისო კომერციულ პროექტებში, უკეთ წარმოადგინოს არსებული საინვესტიციო პოტენციალი რეგიონში“, — განუცხადა საგანელიძემ ჟურნალისტებს.
საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატამ, რომელიც ათეულობით ქვეყანას მოიცავს, მათი პოტენციალის გაცნობის მიზნით, ყველა სახელმწიფოს მონახულება გადაწყვიტა, აღნიშნა მან.
„ეს მარშრუტი საქართველოთი დაიწყო, რაც ჩვენი ქვეყნის დიდი აღიარებაა. ამასთან, პალატა ხელს უწყობს არა მარტო კონტაქტების დამყარებას, მას აქვს საკუთარი 650 მილიონიანი ფონდი, რომლის განკარგვაც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება“, — განაცხადა საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატასთან მემორანდუმს გააფორმებს, რომლის თანახმად მხარეები ქვეყნის შიგნით შესაძლო ერთობლივ ინვესტიციებზე იმუშავებენ.