თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. 24-30 სექტემბერს აჭარა ფრინველებზე დაკვირვების მე-6 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს, ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალი კვირას, საღამოს 8 საათზე, სასტუმრო „ოაზისში" საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება.
საღამოზე უცხოელი და ქართველი მეცნიერები, ასევე დარგით დაინტერესებული ადამიანები მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების მიღწევებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრებენ.
„ფესტივალის ფარგლებში 27, 28, 29 სექტემბერს მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექვსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო. ჭოროხის დელტა და კოლხეთის ნაციონალური პარკი. ფესტივალსა და გასვლით ექსკურსიებში მონაწილეობა უფასოა", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში, ან ელექტორნულ მისამართზე.
დეპარტამენტი ფესტივალის მონაწილეებს ბინოკლებითა და გიდის მომსახურებით უზრუნველყოფს.
ეკოტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებას — ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმს რეგიონში უდიდესი პოტენციალი გააჩნია. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს დერეფნად მიიჩნევა. ფესტივალი, რომელიც რეგიონში 2012 წლიდან ტარდება, ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა სახეობების კონსერვაციას.