თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მონაწილეობას იღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახელმწიფოების მეთაურებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
„წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარედ", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
OGP-ში საქართველოს წარმომადგენლობა მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, აღნიშნა პრემიერმა.
„ეს განსაკუთრებით ეხება მე-16 მიზანს — მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისას, საქართველო მხარს უჭერს გაეროს ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობას და მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის ახალ პროგრამას.
გარდა ამისა, თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, რეფორმებსა და ქვეყნის მიღწევებზე. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა მსოფლიო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზე და ამასთან, რეგიონში კონფლიქტების თემას შეეხო.
გენერალურ ასამბლეას, რომელიც 1945 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციების წესდების თანახმად შეიქმნა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს და წარმოადგენს მთავარ სათათბირო, დირექტიულ და წარმომადგენლობით ორგანოს. 193 წევრისგან შემდგარი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წარმოადგენს საერთაშორისო საკითხების სრული სპექტრის მრავალმხრივი განხილვის ფორუმს.