თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს გაეროს ამოცანების განხორციელებაში რომლებიც მსოფლიოში არსებული პრობლემების მოგვარებისკენაა მიმართული, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ქართული დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობს, რომელიც 18-22 სექტემბერს ტარდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საერთო მიდგომა და სურვილი ცვლილების და რეფორმების. გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა ორგანიზაციის რეფორმის საკუთარი ხედვა, რომელსაც საქართველო მიუერთდა 130 სხვა ქვეყანასთან ერთად. იმედი გვაქვს, რომ დოკუმენტი მომავალში კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში გარდაისახება და შესაბამისად მოხდება ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდა და შესაბამისი რეფორმის განხორციელება“, — განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ამ მიმართულებით ქვეყნის პროგრესს ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდა.
ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო ბიუროკრატიის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2000 წლიდან ორგანიზაციის დაფინანსების 140%-ით გაზრდამ მოლოდინი ვერ გაამართლა.
ამასთან დაკავშირებით, ტრამპმა გაეროს რეფორმირების საკითხი დააყენა, რამდენადაც აშშ საერთაშორისო ორგანიზაციის უმსხვილესი დონორია. ამ დღეებში გაეროს რეფორმის შესახებ აშშ-ის დეკლარაციას 100-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა 70-მა ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმა და ჩინეთმა.