თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის წინადადებას გაეროს რეფორმირების თაობაზე უკვე 128 ქვეყანამ მოაწერა ხელი, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ.
„გამოხმაურება, რომელიც მივიღეთ, უბრალოდ ფანტასტიკური იყო. დილისთვის უკვე 128 ქვეყანას ჰქონდა ხელი მოწერილი“, — აღნიშნა ჰეილიმ ორგანიზაციის რეფორმირების თაობაზე ფორუმის გახსნისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა და ინიციატივის ავტორმა დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გაერომ ბიუროკრატიისა და არასწორი მენეჯმენტის გამო საკუთარი პოტენციალი სრულად ვერ გამოიყენა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი შენატანების შესაბამის შედეგებს… ჩვენ გვჭირდება გაერო, რომელიც აღადგენს მისდამი ნდობას მთელ მსოფლიოში… გაერო არ უნდა იყოს წარსული მეთოდების მძევალი, რომლებიც არ მუშაობს“, — განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაცია და ხაზი გაუსვა, რომ მის ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა აშშ-ს შეაქვს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უსამართლობაა, როდესაც ვაშინგტონი ყოველწლიურად დაახლოებით 10 მლრდ დოლარს ხარჯავს გაეროს პროგრამებზე, რაც ბევრად აღემატება სხვა ქვეყნების შენატანებს.