თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2017 წელს ოთხ კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა, ნათქვამია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ტარიფის გადახედვის გადაწყვეტილება კომისიამ იმასთან დაკავშირებით მიიღო, რომ დაგეგმილსა და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებობდა სხვაობა, რაც კორექტირებას მოითხოვდა.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" (თბილსრესის N3,4 ბლოკები) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 14.234 თეთრი/კვტსთ-დან 10.963 თეთრი/კვტსთ-მდე შემცირდა.
შპს „მტკვარი ენერჯისთვის" (თბილსრესის N9 ბლოკი) ტარიფი 12.194 თეთრი/კვტსთ-დან 11.358 კვტ/სთ-მდე შემცირდა.
შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის" დადგენილი ტარიფი —9.056 თეთრი/კვტსთ შემცირდა 8.056 თეთრი/კვტსთ-მდე.
შპს „ჯიფაუერისთვის" —14.120 თეთრი/კვტსთ-დან 10.537 თეთრი/კვტსთ-მდე.
დადგენილი ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შეგახსენებთ: სემეკი არაუგვიანეს 31 დეკემბრისა ასევე გადახედავს ელექტროენერგიასა და წყალზე მოქმედ ტარიფებს ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატი კომპანიებისთვის.
საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდა ის, რომ ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატი კომპანიებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფები წლის ბოლომდეა დადგენილი.
არსებული მეთოდოლოგიის თანახმად, ლიცენზიატი კომპანიებისათვის ტარიფი ყოველწლიურად განისაზღვრება.
ტარიფების გადახედვა არ ნიშნავს, რომ ისინი ან გაიზრდება ან შემცირდება. მაგალითად, 2016 წლის დეკემბერში კომისიას 2017 წლის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაუზრდია.
ამავე დროს ექსპერტები ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების მომატებას არ გამორიცხავენ. ამის მიზეზად ისინი დოლარის მიმართ ლარის კურსის ვარდნას ასახელებენ.