ევროპა-ამერიკის ბომონდის გულთამპყრობელი ხუთი ქართველი და-ძმის საოცარი თავგადასავლები

CC BY 2.0 / Flickr / Orange County Archives / Huntington Beach Pier, circa 1930ჰანინგტონის სანაპირო, კალიფორნია, 1930
ჰანინგტონის სანაპირო, კალიფორნია, 1930 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორს, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე ზაქარია მდივანსა და ელენე სობოლევსკას ხუთი, ერთმანეთზე ლამაზი და ნიჭიერი შვილი ჰყავდა.

1921 წელს ზაქარია იძულებული იყო, სამშობლო დაეტოვებინა და თურქეთის გავლით, საფრანგეთში გამგზავრებულიყო. ემიგრანტთა ოჯახებისთვის დამახასიათებელი პრობლემების მიუხედავად, მშობლებმა ხუთივე შვილს საუკეთესო განათლება მისცეს. დავითი, სერგი, ალექსანდრე, ნინო და რუსუდანი მშვენიერი გარეგნობითა და დახვეწილი არისტოკრატიული მანარებით გამოირჩეოდნენ. რამდენიმე სიტყვით ძმებზე მოგითხრობთ, თუმცა უფრო დების, ნინოსა და რუსუდანის ისტორიამ დამაინტერესა. ორი უფროსი ძმა ჰოლივუდის „დასაპყრობად“ კალიფორნიაში გადაბარგდა, დანარჩენები პარიზში დარჩნენ. ემიგრაციაში მყოფი მთავრობის წევრებთან კონტაქტების წყალობით აზნაური ზაქარიას შვილები თავადებად მოგვევლინენ და ქართველ პრინცებად მონათლულთა თავბრუდამხვევი კარიერაც ამის შემდეგ დაიწყო.

ძმათაგან უფროსმა დავითმა, გახმაურებული და სკანდალური ქორწინებების წყალობით მოახერხა, რომ მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესის გამუდმებული ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. დავითის პირველი სამი ცოლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მეოთხე რჩეული კი მასზე 20 წლით უფროსი, ჰოლივუდის სკანდალური ვარსკვლავი მეი მიურეი გახდა. 1933 წელს, მიურეის გაკოტრების შემდეგ დავითმა მსახიობთან განქორწინება გადაწყვიტა და ცნობილ ფრანგ მსახიობს არლეტს დაუახლოვდა. 

© National Archives of Georgiaრუდოლფო ვალენტინო, პოლა ნეგრი, დავით მდივანი და მეი მიურეი
რუდოლფო ვალენტინო, პოლა ნეგრი, დავით მდივანი და მეი მიურეი - Sputnik საქართველო
რუდოლფო ვალენტინო, პოლა ნეგრი, დავით მდივანი და მეი მიურეი

ეს ურთიერთობაც დიდხანს არ გაგრძელებულა. 1944 წელს დავით მდივანი მდიდარ ამერიკელ ქალზე, კომპანია Sinclair oil-ის დამფუძნებელზე ვირჯინია სინკლერზე დაქორწინდა და მასთან  ვაჟიც შეეძინა,  1964 წელს ვირჯინია და დავითი ერთმანეთს დაცილდნენ. ვირჯინია სინკლერ-მდივანი 1979 წელს გარდაიცვალა და შვილს 30-მილიონიანი ქონება დაუტოვა. დავით მდივანი 1984 წელს, ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

მდივანთაგან მომდევნომ, სერგიმ, 1925 წელს ძმის ქორწილში მუნჯი კინოს ვარსკვლავი, ჩარლი ჩაპლინისა და რუდოლფო ვალენტინის ყოფილი ცოლი, პოლა ნეგრი გაიცნო. 

სერგიზე ექვსი წლით უფროსი პოლა ყველაზე მდიდარ კინოვარსკვლავად ითვლებოდა. 

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Bundesarchiv / Serge Mdivani and Pola Negriსერგო მდივანი და პოლა ნეგრი
სერგო მდივანი და პოლა ნეგრი - Sputnik საქართველო
სერგო მდივანი და პოლა ნეგრი

სერგისა და პოლას ქორწილი 1927 წელს შედგა, თუმცა წყვილის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1929 წლის ამერიკული საბირჟო კრიზისის შემდეგად, პოლამ მთელი ქონება და მასთან ერთად მეუღლე დაკარგა. სერჟმა 1931 წელს ცოლად ჩიკაგოს ოპერის მომღერალი მერი მაკ-კორმიკი შეირთო. 

ამ ქორწინებამაც მხოლოდ ორი წელი გასტანა. 1936 წელს  თავისი განსვენებული ძმის ალექსანდრეს უმდიდრეს ცოლზე ლუიზა ასტორ ვან ალენზე დაქორწინდა. ერთი თვის შემდეგ კი ფლორიდაში, პოლოს თამაშის დროს, ცხენიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

მესამე ძმა ალექსი ყველაზე უიღბლო აღმოჩნდა, თუმცა მანაც მოასწრო რამდენიმე ხმაურიანი ქორწინება. პირველი ცოლი მდიდარი ამერიკელი ქალი, უილიამ ასტორის შვილთაშვილი ლუიზა ასტორ ვან ალენი გახლდათ(მომავალში მისი ძმის, სერგის მეუღლე), მეორე კი ორას მილიონიანი ქონების ერთადერთი მემკვიდრე — ბარბარა ჰატონი. 

ძმები მდივნების მსგავსად ბარბარას ცხოვრებაც სიყვარულით იყო სავსე. ალექსი მდივნისა და კერი გრანტის ჩათვლით, მას შვიდი ქმარი ჰყავდა და მსოფლიოს უმდიდრეს ქალად ითვლებოდა. ავანტიურისტი უფროსი ძმებისგან განსხვავებით ალექსი იყო საუცხოო შვილი  ავადმყოფი  მოხუცებული მამისათვის, საუკეთესო მეგობარი და შემწე შეჭირვებულთათვის. ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა სტიპენდიებით. ევროპული განათლება, ინგლისური მანერები, ქართული სული, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი —ამით გამოირჩეოდა და ამიტომაც უყვარდათ.  ჯერ კიდევ კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლისას, პოლოს მოთამაშე ცხენოსანთა გუნდის კაპიტანი იყო და ხშირად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზობებში.

აუსტერლიცის ბრძოლა - Sputnik საქართველო
ნაპოლეონ ბონაპარტე და მისი მოწინააღმდეგე 12 ქართველი გენერალი

 ბარბარა ჰატონი, ბანგკოკში, სწორედ  პოლოს შეჯიბრისას მოიხიბლა ცხენზე ამხედრებული „ქართველი პრინცით“. წყვილმა 1933 წლის 22 ივნისს პარიზის ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში იქორწინა,  ქორწილს ესწრებოდა ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი და საქართველოს მთავრობის  წარმომადგენლები.  სალვადორ დალი  და გალა, პიკასო, რუსუდანი,  ხოსე-მარია სერტი, ჰოლივუდის ვარსკვლავები,-  სულ რვაასი სტუმარი.

ალექსი ეხმარებოდა ქართულ კოლონიას, ტუბერკულოზით დაავადებულ და უმუშევარ ქართველებს, ყოფილ ქართველ მხედართა ორგანიზაციას,(რომელიც დაარსა ზაქარია მდივანმა)  დააწესა სტიპენდიები საფრანგეთისა და ბელგიის სასწავლებლებში  ხელმოკლე ქართველი სტუდენტებისათვის და ამაში დახმარების კომიტეტის თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილიც მონაწილებდა.  ალექსი ჩავიდა შანხაიშიც და იაპონელთა მიერ ოკუპირებული ხარბინიდან ლტოლვილ ქართველებს ექვს სართულიანი სახლი უყიდა. ხარბინელ ქართველთა შვილებისათვის კი სტიპენდიები დააწესა. 

ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი - Sputnik საქართველო
დიდი ჯანიშინი, პოეტი, მეცნიერი, ასტრონომი, ქიმიკოსი და ქართლის დიდი მეფე ვახტანგ VI

„თავის ქართველობაზე არასოდეს უთქვამს უარი, არ დაუკარგავს თავისი ოჯახისა და გვარის ტრადიციები და არ უღალატია თავისი ადამიანური პრინციპებისთვის.“-ასე წერდა მასზე  ქართული გამოცემა პარიზში.  გრანდიოზული ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, წყვილმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო: „ჩვენ გადავწყვიტეთ მშვიდობიანად დავცილდეთ. ალექსი ჩემს საუკეთესო მოგონებებში დარჩება“. — განაცხადა ბარბარამ. ალექსი მეგობართან, სალვადორ დალისთან და ახალ რჩეულ ბარონესასთან ერთად, ესპანელ სიძესთან, ხოსე მარია სერტისთან გაემგზავრა. 1935 წლის 11 აგვისტოს ალექსი მდივანი საკუთარი „როლს-როისით“ ავტოკატასტროფაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. 

ზაქარია მდივნის ქალიშვილებს ბუნებრივი სილამაზე და არისტოკრატიზმი არ აკლდა. პარიზში ნინო მდივანს უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი ეხვია გარს. სწორედ ნინოს მიუძღვნა პოეტმა ნიკოლო მიწიშვილმა ლექსი „გამოთხოვება".

1925 წ. ნინო მდივანი ცოლად იურისტ ჩარლზ ჰურბერიხს გაჰყვა, თუმცა მათი თერთმეტწლიანი ოჯახური ცხოვრება განქორწინებით დამთავრდა.

ბრისტოლის ავია გამოფენაზე ნინო მდივანი და მწერალ არტურ კონან დოილის ვაჟი დენის კონან დოილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დენისი მაშინვე მოიხიბლა მშვენიერი უცნობით და  1936 წ. ნინო მდივანი ადვოკატისა და ავიატორის დენის კონან დოილის მეუღლე გახდა. დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალი მოდელების შემუშავებითა იყო დაკავებული. ამიტომ მამის წიგნების გამოცემის ექსკლუზიური უფლება მეუღლეს გადასცა. არტურ კონან დოილის ნაწარმოებებიც ყველაზე დიდი ტირაჟით მას შემდეგ იყიდებოდა რაც გამომცემლობის საქმე ნინოს ხელში გადავიდა. დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ უფლებები ნაწარმოებებზე ნინოს ერგო.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ფრანგული დიპლომატიის ქართველი წარმომადგენელი ირან-ოსმალეთის სამეფო კარზე

1955 წ. დაქვრივებული ნინო ცოლად გაჰყვა წარმატებულ ინგლისელ გამომცემელს ენტონი ჰარვუდს. ნინო მდივანი 1987 წ. ლონდონში ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

ყველაზე უმცროსი და რუსუდანი(რუსი)  და ალექსი განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდნენ  სამშობლოს  დაკარგვას, პარიზში „მოიწყეს“ თავისი პატარა საქართველო,  რუსუდანი, თავადაც ნიჭიერი მოქანდაკე, იმხანად პარიზში სასწავლებლად მყოფ  ქართველ სტუდენტებთან ელენე ახვლედიანთან, დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან და ქეთევან მაღალაშვილთან მეგობრობდა. აქვე იყო „ცისფერყანწელი“ ნიკოლო მიწიშვილი. მათ გარშემო კი იმ დროის პარიზული ელიტა. რუსუდანით  მოხიბლული ახალგაზრდა სალვადორ დალი ამაოდ ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას,  მხატვარი რუსუდანს  ვერმეერის ცნობილ ნახატს  „გოგონა მარგალიტის საყურით“ ადარებდა.

დრო გადიოდა, რუსი ნელ-ნელა კარგავდა თავის წილ საქართველოს, ნიკოლო მიწიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. მისმა მეგობრებმა, უკვე წარმატებულმა მხატვრებმაც ნელ-ნელა დატოვეს პარიზი, ძმებმა სერგიმ და დავითმა ამერიკის კონტინეტს მიაშურეს ბედის საძებნელად, მისი და ნინოც გათხოვდა. მარტოდ დარჩენილმა რუსიმ გადაწყვიტა მხატვრობის საფუძვლიანად შესწავლა. პიკასოს გამოჩენამდე პარიზის საუკეთესო მხატვრად ესპანელი ხოსე მარია სერტი ითვლებოდა და ერთ დღესაც ქართველმა ქალმა მისი სახელოსნოს კარზე დააკაკუნა… 

სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესია და მამათა მონასტერი - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი ჭირნახული ქართველი, რომელიც ვერ ეღირსა სამშობლოს მიწას

რუსუდანის სილამაზით მოხიბლული მხატვარი, კიდევ უფრო გააოცა მისმა განათლებამ. რუსი  გაკვეთილებზე დადიოდა. სერტი გატაცებით ძერწავდა მის სხეულს. ამ სახელოსნოში შეწყდა მხატვარ რუსუდან მდივნის ბიოგრაფია და დაიბადა მუზა და შთაგონების წყარო დიდი მხატვრისა. თუმცა არსებობდა ერთი ფრიად საგულისხმო ხელშემშლელი ფაქტორი, მხატვრის მეუღლე, მიზია გოდებსკა-სერტი, შესანიშნავი პიანისტი, ხელოვნების დიდი ქომაგი და მეცენატი. რენუარის, ტულუზ ლოტრეკის, მალარმეს, რაველის და სხვათა მუზა, მხარში ედგა კოკო შანელს, დიაგილევის საბალეტო დასს და უამრავ ხელოვანს. მიზიამ სტუმრად მიიწვია მეტოქე, ხანგრძლივი საუბრის მერე, იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი ამ ორი ქალბატონის საოცარ მეგობრობას. რუსიმ არ იკადრა მიზიას გულთბილი დამოკიდებულების ღალატი. ამიტომაც, დატოვა პარიზი და ძმებთან გაფრინდა ამერიკაში ერთი წლით. თუმცა,  დრომ ვერ გაახუნა ხოსე მარია სერტის გრძნობა. კოკო შანელის დახმარებით, მან მიზია გაყრაზე დაითანხმა. მიზია, როგორც ეტყობა შეგუებული იყო ამ ფაქტს, უფრო მეტიც, იგი საქორწილო სამზადისში ჩაება, კოკო შანელს საპატარძლო კაბა შეარჩევინა, ხოლო ყოფილ ქმარს ლალისთვლიანი ბეჭედი აყიდინა რუსისათვის. ხოსე მარია სერტიმ და რუსუდან მდივანმა 1928 წელს იქორწინეს ჰააგაში.

© National Archives of Georgiaტულუზ ლოტრეკი-მიზია
ტულუზ ლოტრეკი-მიზია - Sputnik საქართველო
ტულუზ ლოტრეკი-მიზია

ბედნიერმა ხოსე მარია  სერტიმ თავის ულამაზეს „პრინცესას“ ესპანეთში, პალამოსში  სასახლე აუშენა, აქ, ყველას მოუხაროდა, ვის არ შეხვდებოდით: პიკასოს, სალვადორ დალის, მარლენ დიტრიხს, კოკო შანელს, მსოფლიოს ბომონდის წარმომადგენლებს. თავად ახალგაზრდა დიასახლისი,  საზოგადოების ნამდვილი მარგალიტი იყო.  სალვადორ დალი მოგონებებში  უახლოეს მეგობრებად ასახელებდა „პარიზის ფანტასტიკურ ქალებს“- ბეტინა ბერჟერის, კოკო შანელსა და რუსუდან მდივანს. ნამდვილი  დღესასწაული იმართებოდა, როცა, რუსუდანს ძმებიც ეწვეოდნენ, პრინცი მდივნების  გამოჩენას პალამოსში დიდი ოვაციებით ხვდებოდნენ. სამწუხაროდ ამ მშვენიერი ქალის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა — 1935 წელს ალექსის სიკვდილმა რუსუდანი დეპრესიაში ჩააგდო. ტუბერკულოზით დაავადებულმა უარი თქვა მკურნალობაზეც, საკვების მიღებაზეც, ანუ სიცოცხლეზეც. რუსის თავს ევლებოდნენ მიზია, კოკო შანელი და ხოსე-მარია. ერთ წელიწადში ჰოლივუდში გადაღებისას ცხენიდან გადმოვარდა და  დაიღუპა უფროსი ძმა სერგი მდივანი. ამაო აღმოჩნდა მიზიას და კოკოს ძალისხმევა რუსის გადასარჩენად, ამაოდ წაიყვანეს შვეიცარიის მთებში სამკურნალოდ.

1938 წელს რუსუდანი მეუღლის, მიზიას და კოკო შანელის ხელში გარდაიცვალა.

ხოსე — მარია სერტიმ ორიოდ წელი გაძლო საყვარელი ადამიანის გარეშე. მასაც მიზიამ უპატრონა. მიზიამ დიდი სტრესის გამო მხედველობა დაკარგა. გარდაცვლილს გულსაკიდში რუსუდან მდივნის ფოტო უპოვეს. ასე ატარა გულით ქართველი რუსუდანი მიზია სერტიმ ბოლო ამოსუნთქვამდე.  

რუსეთის არმიის გენერალ მაიორი, ზაქარია მდივანი ვერასდროს იფიქრებდა, რომ მისი შთამომავლები ევროპა-ამერიკის ცხოვრების შუაგულში იტრიალებდნენ, ხოლო თავად, მათი დახმარებით, აზნაურად დაბადებულს დიდი თავადის საკადრისად დაკრძალავდნენ პარიზის სენტ-ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე.


ყველა ახალი ამბავი
0