თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, შეხვედრის ტრანსლაცია პარტიამ Рух новых сил Facebook-გვერდზე მოაწყო.
10 სექტემბერს სააკაშვილმა მომხრეების მხარდაჭერით მესაზღვრეებისა და პოლიციელების კორდონის გარღვევა და პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო. სააკაშვილი უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულეს და ადმინისტრაციული საქმე აღძრეს. საქმეს ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონული სასამართლო განიხილავს, რომელმაც, სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობით, საქმის განხილვა 22 სექტემბრამდე გადადო.
„მე ერთ ადგილზე ჯდომას არ ვაპირებ. ჩემთვის სასიამოვნო იყო კიევის ნახვა მას შემდეგ, რაც პოროშენკომ მითხრა, რომ ჩემთვის უკრაინისკენ გზა დაკეტილია. თუმცა, აქ დარჩენა არ მინდა, მთავარი პრობლემა ჩვენ კიევში კი არა, რეგიონებში გვაქვს", — განაცხადა სააკაშვილმა.
მისი სიტყვებით, 20 სექტემბერს ის დნეპრში გაემგზავრება, სადაც მოსახლეობას შეხვდება.
„დღეს, საღამოს მე კვლავ მივემგზავრები (კიევიდან). უკრაინის ცენტრში, ჩერკასკის ოლქში დავსახლდები და იქიდან მთელ უკრაინას მოვივლი", — განაცხადა მან.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, 17 ოქტომბერს კიევში დაბრუნებას და ხელისუფლებისთვის მოთხოვნების წაყენებას გეგმავს, რომელთა შორის დეპუტატის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის გაუქმება და ახალი საარჩევნო სისტემის მიღება იქნება.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. მის მიმართ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული და შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.
იგი უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. თუმცა, 2016 წელს გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი "კლანების" მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალები" (Рух новых сил) დააარსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.
ივლისში, როდესაც სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა, უკრაინის ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა. ეს გადაწყვეტილება მათ იმით ახსნეს, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების მიზნით ანკეტის შევსებისას მიუთითა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მასზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა. სააკაშვილმა, თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებას მისი ხელმოწერის გაყალბებაში დასდო ბრალი.