თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა დაასრულა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ბამბანგ სუსანტონომ მეტროსადგური სატესტო რეჟიმში, სტუდენტებთან ერთად შეამოწმეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მშენებლობა დაახლოებით 84 მილიონი ლარი დაჯდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტროსადგურის ამუშავება საგრძნობლად შეამცირებს საბურთალოს რაიონში არსებულ საცობებს და განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს.
„მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება, დღეში 15 000 —ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“, — აცხადებენ სამინისტროში.
რიგით 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა.
"უნივერსიტეტის" შესასვლელ-გასასვლელები განთავსდება ვაჟა-ფშაველას პროსპექტსა და სანდრო ეულის ქუჩაზე.
საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.
თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.