როგორი იქნება პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ

გამოწერა
პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 60 წელი არ ჩატარებულა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, პეკინის ქუჩის სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია — გზა სრულად 18 სექტემბერს გაიხსნება, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, პეკინის ქუჩაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა — დაიგო ახალი ასფალტის საფარი, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალგაყვანილობის სისტემა.

„მიუხედავად ჩვენი ოპონენტების სკეპტიკური განწყობისა, ჩვენ ამ ამბიციური პროექტის განხორციელება  გადავწყვიტეთ და ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა დაპირება, ესეც  საკმაოდ მოკლე დროში შევასრულეთ“ — განაცხადა დავით ნარმანიამ.

პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
პეკინის ქუჩა სატესტო რეჟიმში ცალმხრივი გახდება

პეკინი-ვაჟა-ფშაველასა და პეკინი-ყაზბეგის გამზირის კვეთებში გაკეთდა უსაფთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გზა გაფართოვდა და ერთი საავტომობილო ზოლი დაემატა.

გარდა ამისა, შეიცვალა შუქნიშნები, რომლებიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი  აპარატურით აღიჭურვა.

დაპროექტდა ველობილიკი, სადაც ველოსადგომებისთვის 4 ლოკაცია გამოიყო. ტრანსპორტის სამსახური  ბილიკებს   შესაბამისი ნიშნებითა და მონიშვნებით უზრუნველყოფს.

უახლოეს დღეებში იგეგმება ავტობუსების ზოლების მოწყობა, რის შემდეგაც ავტობუსების გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დაიდგმება.

ქვეითთა გადასასვლელები ცივი პლასტიკური მასალით დაიხაზება. ორფეროვანი ან ერთფეროვანი „ზებრები“ სპეციალური შუშის ბურთულებით დაიფარება, რაც ხელოვნური განათების პირობებში ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
რა სიახლეები ელოდებათ თბილისელებს პეკინის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ

რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, პეკინის ქუჩაზე  100 ქოთანი დაიდგმება, რომლებშიც  დეკორატიული ბუჩქები დაირგვება.

გარდა ამისა, შემუშავებულია პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირების ახალი სქემაც. პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაში არსებულ სამკუთხედში მიახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პეკინის ქუჩაზე სულ პარკირების 205 ადგილი იქნება.

რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობას, ნარმანიას სიტყვებით, შენარჩუნდება არსებული რეჟიმი.

„პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა იმ რეჟიმში ხორციელდება, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება“,  — აღნიშნა ნარმანიამ. 

პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 60 წელი არ ჩატარებულა.


ყველა ახალი ამბავი
0