თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში, პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სატესტო რეჟიმში ცალმხრივი იქნება, ორმხრივად მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გივი კუბლაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კუბლაშვილის თქმით, გზის სავალ ნაწილზე სამუშაოები თითქმის დასრულებულია. დარჩენილია ტროტუარების, ველოსიპედის ბილიკებისა და შშმ პირთათვის გადასასვლელების მოწყობის სამუშაოები.
„პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი იქნება, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. გამზირზე მოეწყობა „ბასლაინი“ (ავტობუსის ხაზები), სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს — ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები“, — განაცხადა კუბლაშვილმა.
16-17 სექტემბერს პეკინის ქუჩაზე საგზაო დახაზულობა გაჩნდება. სავარაუდოდ, 18 სექტემბრისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლებიც გამოიყოფა, განაცხადა კუბლაშვილმა.
„გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ პეკინის ქუჩა სატესტო რეჟიმში ცალმხრივი გახდება, მას შემდეგ მივიღეთ, რაც რემონტის დროს სამი თვის განმავლობაში დაკვირვება და რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ. ჯერ კიდევ სამუშაოების დაწყებამდე მანქანების ნაკადი გამოვთვალეთ და შემდეგ ყველაფერი დავგეგმეთ“, — განაცხადა მან.
კუბლაშვილის თქმით, გადაწყდა, რომ სატესტო რეჟიმი 18 სეტქმბერს დაიწყება.
„საბოლოო გადაწყვეტილებას სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ მივიღებთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცალმხრივი რეჟიმი დარჩება. სატესტო რეჟიმი დაახლოებით ორ კვირას გაგრძელდება, მაგრამ შეიძლება ის ადრეც დასრულდეს“, — აღნიშნა მან.
პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 60 წელი არ ჩატარებულა.