თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თუშეთის 24 სოფელსა და ოთხ ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე.
თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად არის მიჩნეული, საქართველოს ყველაზე მაღალ საავტომობილო უღელტეხილზე გადის. აქ მოხვედრა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით და ისიც მხოლოდ ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზეა შესაძლებელი.
"ვფიქრობ, იმ რეგიონისთვის, რომელიც სახმელეთო გზით, პრაქტიკულად, 7 თვე მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
გასულ ზამთარში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყოველკვირეული ავიარეისი დაინიშნა, რომელსაც საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ახორციელებდა.
"წელსაც აუცილებლად იქნება ასეთივე რეისების შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, დამატებით სწრაფი ინტერნეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე წვდომისთვის, ასევე იმისთვის, რათა ადგილობრივმა მცირე სასტუმროებმა ტურიზმის კუთხით შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მთიანი სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტი თუშეთის განვითარების ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society-სთან (ISOC) ერთად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ღირებულებაა 40 ათასი აშშ დოლარი და 20,5 ათასი ლარი.
"საქართველოში ფართოზოლიანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, რომელიც მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა, საქართველოს 2000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შევა. ახალ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში ასევე ჩაერთვება საქართველოს ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა.
"ქვეყნის ინტერნეტიზაცია, განსაკუთრებით რეგიონებში, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, თუშეთის უზრუნველყოფა ინტერნეტით ამ პროგრამის ნაწილი იყო", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა განახორციელა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.
"გვყავს 29 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართვა. მათ ასევე მიიღეს გარკვეული ცოდნა, რათა შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში", — განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
თუშეთში ამჟამად უკვე დამონტაჟდა შვიდი ანძა, ასევე მოინიშნა სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მიყვანილია ოპტიკური ხაზი და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტს უკვე 40 ბენეფიციარი ჰყავს — ძირითადად ჰოსტელები და ადგილობრივი სასტუმროები, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით თუშეთში ტურისტების მოზიდვას შეძლებენ.
"მთავრობას ძალზე ამბიციური და თანამიმდევრული გეგმა აქვს თუშეთის განვითარებასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ინტერნეტიზაციაა", — განაცხადა ქადაგიშვილმა.