თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც თუშეთში ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. იუწყება სამეცნიერო —კვლევითი ცენტრის პრეს-სამსახური.
"საქართველოში აგრარული დარგის ხელშეწყობისთვის ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხაზგასასმელია მაღალმთიანი რეგიონის შერჩევის ფაქტიც, რადგან სახელმწიფოსთვის მაღალმთიანი რეგიონები პრიორიტეტულია", — აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია: თუშეთის გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ადაპტაცია და გავრცელება; თუშეთში კონდიცირებული კარტოფილის სათესლე მასალის წარმოება და სერტიფიცირება; თუშეთის მიწის ფონდის შესწავლის და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა; ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგიების განვითარება; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებათა კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება; თუშური ცხვრის პოპულაციის გაუმჯობესება და პროდუქტიულობის ამაღლების ღონისძიებების განხორციელება; რეგიონული ექსტენციის განვითარება და ხელშეწყობა.