ევროკავშირის პროგრამა ქართული სოფლების განვითარებისათვის აქტიურ ფაზაში შევიდა

© FB/ Enpard - საქართველოაჭარის სოფლის, ბუთურაულის ფერმერები
აჭარის სოფლის, ბუთურაულის ფერმერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების პროექტები ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურიზმის ხელშეწყობას, გარემოს დაცვას და სხვა მიმართულებებს.

ევროკავშირი აღნიშნული პროექტის განხორციელებას თეთრიწყაროს რაიონშიც იწყებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი ოფიციალურად 11 აპრილს გაიხსნა. პროექტის შესახებ „sputnik საქართველოს“ ENPARD-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ხუნწარია ესაუბრა.

- რას გულისხმობს ეს პროექტი და რა არის მისი მიზანი?

ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროექტი. ეს პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. ENPARD–ი გახლავთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეგობრო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. სოფლის განვითარება არის ამ პროგრამის ერთ–ერთი მიმართულება. დღემდე სამი მუნიციპალიტეტია მოცული. კერძოდ  - ლაგოდეხი, ბორჯომი და ყაზბეგი. ამ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს ევროკავშირის სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროექტები, დაფინანსდა საგრანტო კონკურსები. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სოფლის გაძლიერებას, ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, სოფლის მეურნეობის და არასასოფლო სამეურნეო სექტორის გაძლიერებას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. აქ არის სხვადასხვა სფეროებზე საუბარი. აქცენტები კეთდება, როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ტურიზმის ხელშეწყობაზე, გარემოს დაცვაზე და სხვა მიმართულებებზე. ყველა ის კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ განვითარებას და სოფლის განვითარებას მოიაზრება ამ პროგრამის სამიზნედ.

© FB/ Enpard - საქართველოკოოპერატივი "ალიონი"
კოოპერატივი ალიონი - Sputnik საქართველო
კოოპერატივი "ალიონი"

ENPARD-ის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით მოხდა ცოტა ხნის წინ  ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და უკვე ოფოციალურად წარადგინა. სოფლების ევროპული მოდელის დანერგვა მოხდება მიმდინარე წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. ხოლო ევროკავშირი გააგრძელებს ამ კონკრეტული პროექტების ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დაფინანსებას.

პროექტი, რომელიც დღეს გაიხსნა, ოფიციალურად სოფლის მეურნეობის განვითარების უკვე მეოთხე პროექტია. ამ თვეში კიდევ გაიხსნება და მოხდება წარდგენა სოფლის განვითარების ორი ახალი პროექტის, კერძოდ დედოფლისწყაროში და ახალქალაქში. ცოტა მოგვიანებით გვექნება ევროკავშირის დაფინანსებული კიდევ ორი პროექტი აჭარაში, კერძოდ ქედასა და ხულოში. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკვე ექვს პროექტს, კიდევ დაემატება ორი პროექტი და 2017 წელს საბოლოო ჯამში გვექნება რვა მუნიციპალიტეტი, სადაც სოფლის განვითარების პროექტები უკვე განხორციელების პროცესში იქნება.

© FB/ Enpard - საქართველოკოოპერატივი "ჩაის სურნელი"
კოოპერატივი ჩაის სურნელი - Sputnik საქართველო
კოოპერატივი "ჩაის სურნელი"

- რა რაოდენობის თანხაა გამოყოფილი აღნიშნული პროექტებისთვის?

— 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს.  პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

- როგორ წარიმართა პროექტის წარდგენა?

— დღევანდელი ღონისძიება იყო ოფიციალური გახსნითი პროექტის წარდგენა თეთრიწყაროში. რამდენიმე თვეა პროექტი უკვე დაწყებულია, თუმცა დღეს იყო ოფიციალური გახსნა. მონაწილეობდა ევროკავშირი, სოფლის მეურნეობის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ასევე ადგილზე განმახორციელებელი ორგანიზაცია  RDFG, რომელიც არის ENPARD–ის პარტნიორი და ადგილობრივი წარმომადგენლები, თემის წევრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა. ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, რომელმაც სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

- რამდენად მნიშვნელოვანია თეთრიწყაროს რაიონისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება?

— ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია ისევე, როგორც სხვა რაიონებში  თეთრიწყაროშიც განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, მათ შორის აგრო ტურიზმი, ასევე სოფლის მეურნეობის  სხვა მომიჯნავე სფეროები. მოსახლეობის მხრიდან არის კარგი განწყობა და სურვილი ამ პროექტში თანამონაწილეობისა. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი არის ის, რომ ეს ევროპული მოდელი გულისხმობს ადგილობრივ ჩართულობას, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას. ეს კონკრეტულად გამოისახება იმაში, რომ მუნიციპალიტეტებში იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები. თეთრიწყაროში ეს უკვე დაწყებულია. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები შემდგომ უკვე ადგილზე განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, რაიონში რა საჭიროებს განვითარება, მხარდაჭერას, შემუშავდება სტრატეგიები, სამოქმედო გეგმა, მათ მიერ გამოცხადდება საგრანტო კონკურსი და მოხდება შერჩევა კონკრეტული ბიზნეს ინიციატივების, რომლებიც შემდგომ უკვე ევროკავშირის დახმარებით დაფინანსება. ეს პროცესები მიმდინარეობს სხვა მუნიციპალიტეტებშიც, თეთრიწყაროში კი ეხლა იწყება. რასაკვირველია ის სფეროები, რაც სხვა რეგიონებისთვის დამახასიათებელია აქაც აქტუალურია. კერძოდ ინფრასტრუქტურული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება,  ტურიზმის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება.  ძირითადად არის ეს ხაზი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ  პროექტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ყველა ამ პროცესში ქალების და ახალგაზრდების ჩართულობაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0