თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, ნათქვამია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ზამთარში ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის კალაპოტიც გადაკეტა. მდინარის დაგუბების შედეგად 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრის სიგრძის ტბა წარმოიქმნა, რომელმაც ამ ადგილზე გამავალი გზა დატბორა.
შემდეგ, აპრილის თვეში განმეორებით დაფიქსირდა დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდოვანი მასების ჩამოშლა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა არსებული მდგომარეობა.
ამჟამად გზა მთლიანად გაწმენდილია. ინტენსიური სამუშაოების შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი 600-მეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად თავისუფალია.
ამ დროისთვის გზის დამატებით გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებენ როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მთამსვლელები, რათა სრულად მოხდეს არსებული გზის მოწესრიგება, წყლის დონის დაწევა და კლდოვანი მასებისგან გზის საფარის მახლობელი მთის ფერდობების გასუფთავება.
ტრანსპორტის მოძრაობას კომპანია „გერალი" დაარეგულირებს, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს.
თუშეთის გზა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენ თვეებში უხვი თოვლის გამო გაუვალი ხდება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავის რაიონს ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.