თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ინტენსიური ქვათა ცვენის გამო თუშეთის მიმართულებით დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება, აფრთხილებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თუშეთის გზა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. ის მაისში იხსნება და თავისუფალი ოქტომბრამდე რჩება, წლის დანარჩენი ექვსი თვე უხვი თოვლის გამო გაუვალი ხდება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავის რაიონს მაღალმთიან სოფელ ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.
"მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს ვაფრთხილებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრამდე გზის საფარი თოვლისაგან თავისუფალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება", — აღნიშნულია განცხადებაში.
თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეწყრული მოვლენები თუშეთში ახლაც მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღდგენითი სამუშაოების დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებს სტიქიის ზონის მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად, ბოლო კვირის განმავლობაში, მცოცავი ქანების გააქტიურება და განმეორებითი — დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული ვითარება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში შექმნილია საგანგებო შტაბი. უახლოეს დღეებში, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, 20-კაციანი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას სტიქიური მოვლენის ადგილას და წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას. დასკვნის გათვალისწინებით, გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებს.