ჩემი რესპონდენტი არც ერთ ამ კატეგორიას არ ეკუთვნის და იმათ რიცხვშია, ვინც ამ ქალაქის თითოეული ისტორიული სახლის გადასარჩენად ყველა ინსტანციაში წლებია, უკომპრომისოდ იბრძვის.
შოთა გუჯაბიძე — პროფესიით რეჟისორი და ფოტოხელოვანი. ხელოვნების უნივერსიტეტში რეჟისურაში კითხულობს ლექციებს. მას ბათუმში დავუკავშირდით.
– ბატონო შოთა, დავიწყოთ იმით, რომ ბევრი გიცნობთ თქვენს ქალაქში…
— ჯერ ერთი, ასეთი ცნობილი თუ ვარ, ისიც არ ვიცი. ბევრ რამეს ვარ მოდებული – ტელევიზია, ფოტოგრაფია, რეჟისურა… ამას წინათ მარკეტში წვენი ავიღე და ფული არ გამომართვეს. და თუ ცნობილი ვარ, გამოდის, რომ ამ ამბავს ხანდახან სარგებელიც აქვს, მაგრამ ხანდახან — მძიმეცაა… პროფესიით რეჟისორი ვარ და ფოტოხელოვნება მიყვარს. ჩემი აზრით, რიგითი სტატისტიკური საქართველოს მოქალაქე ვარ.
– სწორედ პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიციის გამო გიცნობენ…
— ალბათ ყველაზე უფრო იმით მიცნობენ, რომ ბევრ რამეზე და საჯაროდ ხმამაღლა ვყვირი ხოლმე. მაგალითად, ისეთ თემაზე, როგორიცაა ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. აი, ამით მართლა მიცნობენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მდიდარი და ღიპიანი ადამიანი მყავს მტერი. ძველ ბათუმს თავისებური შარმი ჰქონდა და ბათუმი სწორედ ეგ იყო, აბა, დღეს აღარ არის ბათუმი და… როცა რაღაცის მთლიანობაში უხეშად ერევი, ის უკვე აღარ არის მთლიანი და სხვა რამეა.
– პირველ რიგში არქიტექტურას გულისხმობთ…
— დიახ, პირველ რიგში არქიტექტურას ვგულისხმობ. უბედურებაა, როცა ვიღაცის ველურ ინსტიქტებს ქალაქის უნიკალური არქიტექტურა ეწირება… ანგრევენ იმას, რაც უნდათ და ვერანაირი კანონი მათ ხელს ვერ უშლის. სანამ ბარათაშვილის 24-ში მდებარე ერთ ძველ, ისტორიულ სახლს დაანგრევდნენ, ამის შესახებ წინასწარ დავიჭირეთ თადარიგი და სასამართლოში ორი თვით ადრე შევიტანეთ განცხადება, აქციები მოვაწყვეთ, „ფეისბუქზეც" ავტეხეთ ერთი ამბავი, ვისაც ეხებოდა ოფიციალურ პირებს შევხვდით, მაგრამ რად გინდა?! არაფერმა უშველა და ყველაფერი მაინც იმ სცენარით განვითარდა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ. არის შემთხვევები, სადაც არსებობს იმის გეოლოგიური დასკვნა, რომ იმ ადგილზე არ შეიძლება ასეთი მშენებლობა, მაგრამ მაინც აშენებენ. შესაძლებელია, რომ არანაირი გეგმაც არ იყოს, ამღვრეულ წყალში ადვილია თევზის დაჭერა…
– ვიცი, რომ ამ თემაზე ფილმიც კი გადაიღეთ…
— იმ ფილმს „ორი აგური“ ერქვა. საერთოდ ძველი ბათუმის გადარჩენის თემაზე ჩემი აქტიურობით ხალხს ალბათ თავიც კი მოვაბეზრე, რადგან „გამარჯობის" მერე ამაზე საუბარს ვიწყებ… არქიტექტურის გადარჩენა — კულტურის გადარჩენის ტოლფასია, ანუ ისინი ამით ზოგადად კულტურულობაზე აცხადებენ უარს.
– თქვენც ხართ იმ 12 რეჟისორს შორის, რომელიც „ბათუმის ტალღის“ პროექტში მონაწილეობს, თქვენი ფილმის გმირი ვინ იქნება?
— როგორც იცით, გადავწყვიტეთ, რომ ბათუმელი მწერლების ნაწარმოებების მიხედვით გადავიღოთ ფილმები. მე თამაზ ჭილაძეზე გავაკეთე არჩევანი. ფილმში ძირითადი თემა მისი რომანია, რომელსაც „აუზი“ ჰქვია, მაგრამ პერსონაჟები სხვა მოთხრობებიდანაც ავიღე, ზოგი ჩემიც მივამატე, მაგრამ ძირითადად თამაზ ჭილაძეა…
– როგორც ლექტორს ყველაზე დიდი რჩევა რა მიგიციათ სტუდენტებისთვის?
— სტუდენტებს სულ ამას ვეუბნები: როცა რაღაცის გაკეთება გინდათ, დააკვირდით საკუთარ თავს – რა გადარდებთ ყველაზე მეტად, და იმას არ უნდა გამოეკიდოთ, თუ ვინ რას აკეთებს. ამ შემთხვევაში ყველაფერი უკეთესად გამოგივა.
– რა ასოციაციებს, რა შეგრძნებებს, ან რა კონკრეტულ განცდებს გიჩენთ ძველი ბათუმი?
— ზუსტად გეტყვით რას ვხედავ: მე ვცხოვრობდი „ჭაობში“ — იყო ასეთი უბანი ძველ ბათუმში. როცა ქალაქისკენ გავიდოდი, კათოლიკური ეკლესია ჩანდა. უბნიდან ჩვენ ყველა გასვლას ქალაქში გასვლას ვეძახდით: ქალაქში მივდივარ, ქალაქში ვიყავი და ა.შ. პირველად ბათუმში ბაბუაჩემი ჩამოვიდა. ის ხელოსანი კაცი იყო და ბათუმსა და ზემო აჭარაში სახლებს აშენებდა. მამაჩემი ინჟინერი გახლდათ და ქალაქში ბევრი სახლი აქვს აშენებული. ერთი პერიოდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინროზე მეც ვსწავლობდი და მშენებლობაში შავ მუშად მეც მიმიღია მონაწილეობა. ძველ ბათუმზე პირველად ის მახსენდება, რომ იმ ქალაქის სახლები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ბევრი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჭკვიანი და გემოვნებიანი კაცის მიერ აშენებული სახლები იყო…
– სიტყვამ მოიტანა და, თქვენი რომელი გადაღებული კადრი მოგწონთ?
— ახლა ერთი კადრი გამახსენდა: რამდენიმე წლის წინ 9 მაისის შეხვედრაზე ვიყავი. აქ პერიოდულად დავდიოდი და ომის ვეტერანებს ფოტოებს ვუღებდი. ერთ ასეთ სცენას წავაწყდი: ბევრი ადამიანი დგას და პატარა გოგონა დადის მიხაკით ხელში… დედა მიუთითებდა ვიღაცაზე — იმას მიეცი ყვავილიო, იქვე გაღიმებული ქალი დგას, რომელიც ფიქრობს, რომ მას მისცემენ ყვავილს და ხელები აქვს გამოწვდილი… ბავშვი დაბნეულია, იქვე სხვა ვეტერანებიც არიან. მე ქვემოთ მქონდა კამერა და ამ კადრის ფონად ღრუბლიანი თეთრი ცა იყო. გეგონებათ, რომ ეს ფოტო სტუდიაშია გადაღებული. როგორც კი ფოტოს დავხედე, მივხვდი, რომ წუნიანი იყო, რადგან ადამიანების სახეები არ ჩანს, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ პირიქით, საოცარი კადრია და ეს დაბნეულობა ფოტოს რაღაც იდუმალებას მატებს.
– ბევრი დოკუმენტური ფილმი გაქვთ გადაღებული, გაიხსენეთ ყველაზე უჩვეულო გმირი, ვიზეც ფილმი გადაგიღიათ…
— დიახ, ბევრი დოკუმენტური ფილმი მაქვს გადაღებული. აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ და ჩემი ძირითადი მოვალეობა ტელევიზიაში დოკუმენტური ფილმების გადაღებაა. ჩემი წინა ფილმი იყო 15 წლის წინ გარდაცვლილ ბათუმელზე სოლომონ შენგელიაზე, რომელიც მართლა უცნაური კაცი იყო და დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდი მასზე ამბები მომეკრიბა. ეს იყო იმდენად ნიჭიერი კაცი, რომ რასაც შეისწავლიდა და ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი გამოსდიოდა და ყველაფერში თავის კვალს ტოვებდა. რამდენიმე ფაქტს გეტყვით: მაგალითად, დოლზე დაკვრა უყვარდა, თავიდან სკამს გადააბრუნებდა და ისე უკრავდა. ამ საქმეში ისეთ კლასს მიაღწია, რომ თბილისში სუხიშვილების ანსამბლში მიიწვიეს. იქ რამდენიმე თვე იყო და გამოიქცა. გადაწყვიტა ყოფილიყო ფოტოგრაფი, დაიწყო გადაღება და ძალიან სხვანაირი საინტერესო ფოტოები აქვს. მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მნიშვნელოვან გამოფენებში იღებდა მონაწილეობას, მასზე უცხოური პრესაც წერდა, პრიზებიც აქვს მიღებული. მერე უცებ გადაწყვიტა, რომ კინოოპერატორი უნდა ყოფილიყო და აქაც ისეთ მაღალ კლასს მიაღწია, რომ თენგიზ აბულაძემ შეამჩნია და ფილმში „მონანიება“ ოპერატორად მიიწვია. რაღაც მომენტში არც იქ მოეწონა და მიატოვა. ყველა სფეროში წარმატებას აღწევდა და მერე იქიდან მოდიოდა. თურმე ლექსებსაც წერდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ლექსები არ მაქვს. ამბობენ, ბათუმში ვერლიბრი ერთ-ერთმა პირველმა მან შემოიტანაო. სიკვდილიც კი უცნაური ჰქონდა – 62 წლის ასაკში ფიროსმანივით უსახლკაროდ სადღაც სარდაფში მოკვდა.
– ანუ ვერ უპატრონა ბათუმმა…
— კი, სწორი ნათქვამია, ვერ უპატრონა…
– ყველაზე „ნამდვილი" ბათუმი როდის არის? წარმოიდგინეთ, რომ ვერბალურად „ვიღებთ“ ფილმს…
— ბათუმი დროის ყველა მონაკვეთში ბათუმი არ არის და, მგონი, ყველაზე მეტად ის საღამო ხანს „იწყება“. ბათუმი იწყება სექტემბრის დასაწყისიდან და ყოველ ჯერზე, როცა საღამოა, მზე ექცევა ზღვის პარალელური ქუჩები რომ არის, მათ ბოლოში, ანუ ქალაქის ბოლოს და ძალიან საინტერესო რამ ხდება… შემხვედრი ადამიანები ამ დროს, ტელევიზიის ენაზე რომ ვთქვათ, „კონტრაჟურში“ არიან და მათ სახეებს ვერ ხედავ. ისინი გხედავენ, მაგრამ შენ მათ ვერ ხედავ. ძველი ბათუმის ბევრი ქუჩა სწორედ ასეა განლაგებული, რომ ხუთი საათის მერე ამ პერიოდში სულ ასე ხდება და ამ დროს ზუსტად ვიცი, რომ ბათუმში ვარ…