თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა მაშველებმა ყაზბეგის მყინვარზე, 4500 მეტრის სიმაღლეზე დახმარება აღმოუჩინეს ტურისტს, რომელმაც ფეხი მოიტეხა.
შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტურისტს დახმარება ესაჭიროებოდა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა. შეტყობინების მიღებისთანავე მაშველებმა რეაგირება მოხდინეს.
„4 500 მეტრ სიმაღლეზე მყოფი უცხოელი ტურისტი რთული რელიეფის მიუხედავად, საკაცით ვერტმფრენამდე უსაფრთხოდ მიიყვანეს“, — აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
სამაშველო ჯგუფთან ერთად ექიმიც იმყოფებოდა, რომელმაც დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია.
წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, უცხოელი ტურისტი ყაზბეგის საავადმყოფოში უვნებლად გადაიყვანეს.