რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის" კონკურსი

© FB / Tamar Shaishmelashviliთამარ შაიშმელაშვილი
თამარ შაიშმელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის მიზანია ქართულ ლიტერატურულ სივრცეში საუკეთესო ნაწარმოებებისა და ავტორების გამოვლენა, ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედების წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ლიტერატურულ პროცესებში წვლილის შეტანა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ლიტერატურული ჟურნალი „ანეული" რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად „ერთი მოთხრობის" კონკურსს აცხადებს, აცნობა „Sputnik–საქართველოს" კონკურსის ხელმძღვანელმა თამარ შაიშმელაშვილმა.

კონკურში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, არ არის შეზღუდული ნაწარმოებების თემატიკაც. თითოეული ავტორისგან მხოლოდ ერთი ნაწარმოები მიიღება, რომელიც მოცულობით 5 (ხუთ) პირობით ნაბეჭდ გვერდს არ უნდა აღემატებოდეს.

კონკურსის მონაწილეებმა გამოუქვეყნებელი ნაწარმოები (შესაძლოა, იყოს გამოქვეყნებულიც, ოღონდ არა უახლოესი ორი წლის განმავლობაში) 1 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში უნდა გაგზავნონ ჟურნალ „ანეულის" ელექტრონულ ფოსტაზე: aneuli@mail.ru

კონკურსზე დაშვებულ ყველა ნაწარმოებს საკონკურსო კომისია შეაფასებს.

ლიტერატურული ჟურნალი ანეული - Sputnik საქართველო
რევაზ ინანიშვილი - ქართული მოთხრობის დიდოსტატი

„კონკურსის მიზანია ქართულ ლიტერატურულ სივრცეში საუკეთესო ნაწარმოებებისა და ავტორების გამოვლენა, ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედების წარმოჩენა—პოპულარიზაცია და ლიტერატურულ პროცესებში წვლილის შეტანა", — აღნიშნა თამარ შაიშმელაშვილმა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ნაწარმოებებთან ერთად ასევე უნდა გაგზავნონ მოკლე ბიოგრაფია, ფოტოსურათი, მიუთითონ მისამართი, ტელეფონი და კოდური სიტყვა, რომლითაც ნაწარმოები გადაეგზავნება ჟიურის წევრებს.

კონკურსის გამარჯვებულებს პრემია ყოველწლიურად 20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს გადაეცემათ. კონკურსის საპრემიო ფონდი შეადგენს 1000 ლარს: პირველი პრემია — 500 ლარი, მეორე პრემია — 300 ლარი, მესამე პრემია — 200 ლარი.

დაჯილდოებას მწერლებთან, მხატვრებთან და საზოგადო მოღვაწებთან ერთად დაესწრება რევაზ ინანიშვილის მეუღლე, ქალბატონი როზა ინანიშვილი.

რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის" კონკურსი 2017 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით მერვედ გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0