რევაზ ინანიშვილი - ქართული მოთხრობის დიდოსტატი

© ნ. ქუთათელაძელიტერატურული ჟურნალი "ანეული"
ლიტერატურული ჟურნალი ანეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში I პრემია დაიმსახურა ლაშა ბიბიჩაძემ მოთხრობისათვის „ჯარისკაცის დედა“, II პრემია გადაეცა ანზორ სიფრაშვილს მოთხრობისათვის „ფესვი ვაზისა“; III პრემია დაიმსახურა ქალბატონმა თინათინ სიყმაშვილმა მოთხრობისათვის „შიში“.

 ნინო ქუთათელაძე

ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულისა“ და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თაოსნობით ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.  

 რევაზ ინანიშვილის ერთი მოთხრობის დასასრული მახსენდება, როცა დიდუბის პანთეონში მის საფლავთან ვდგავარ. ამ მოთხრობას „სახსოვარი“ ჰქვია. მოთხრობის ლირიკული გმირი, უფრო სწორად, თვითონ ავტორი დგას თავისი მასწავლებლის საფლავთან და განიცდის: „რამე მაინც შემომრჩენოდა მის სახსოვრად! არაფერი არ მაქვს. არც ფანქარი, არც დანა, არც რვეული, არც… არაფერი. 

— ეხ!.. 

სწორედ ამ დროს ჩამოეცალა ღრუბლის საბურველი მზეს.

სიხარული. სიხარული აქ, სასაფლაოზე? 

— მან ხომ მზე დამიტოვა! მან ხომ ეს შემკობილი მიწა დამიტოვა! მან ხომ მათი სიყვარული დამიტოვა!

 ამაზე მეტი სახსოვარი?! 

 რას მეტყვით, ენძელებო?“

 დიახ, მან მზე დაგვიტოვა; მან შემკობილი მიწა დაგვიტოვა, მან სიყვარული დაგვიტოვა, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში დაიბადა და დეკემბერშივე გაშორდა ამ წუთისოფელს, როცა ძმათამკვლელი ომი მძვინვარებდა თბილისში. მისი გარდაცვალების ამბავი ცოტამ თუ შეიტყო.

 უცნაურია მწერლის ბედი, ძალიან უცნაური… დღეს ხშირად ვიგონებთ მას, მისდამი მიძღვნილი საღამოებიც იმართება, კონკურსებიც, ის კი ალბათ ზემოდან დაგვყურებს და ხარობს, რომ საქართველოში ქართული სიტყვა არ დაიკარგა, რომ ისევ იწერება ლექსი და მოთხრობა, ისევ მღერიან და ცეკვავენ საქართველოში.

 ეს დღეც სწორედ ამ სიხარულის ანარეკლია. ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულისა“ და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის (თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი) თაოსნობით ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ- მემორიალურ მუზეუმში რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

 ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი: კიდევ ერთი ლამაზი დღე მიეფარა თვალსაწიერს… მიეფარა, თორემ არსად წასულა. რევაზ ინანიშვილის — დიდებული მწერლის  მადლი ტრიალებდა დარბაზში, მადლი იმ პიროვნებისა, ვის სახელსაც ატარებს ლიტერატურული კონკურსი „ერთი მოთხრობა“  და რომელიც უკვე მეექვსედ გაიმართა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს გვერდით იდგა, ვინც იზიარებდა ჩვენი სიხარულის წუთებს! ვინც იცის და აცნობიერებს ამ კონკურსის მნიშვნელობას! და თავად რევაზ ინანიშვილის საოცრად ანდამატური ძალის შემოქმედებას, რომელიც ჯერ კიდევ შესასწავლია“.

 კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, მწერალი თამაზ ხმალაძე: ჩვენ დიდი გულისყურით გავეცანით 120 მოთხრობას, რომელიც წელს საკონკურსოდ შემოვიდა. მე თვითონ გავაფრთხილე ქალბატონი თამარი, რომ ჩემთვისაც კი არ ეთქვა, ვის რომელი მოთხრობა ეკუთვნოდა. რა თქმა უნდა, სუბიექტურობას მაინც ვერ ასცდები, რადგან მოწონება-არმოწონება გემოვნების საკითხია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შევაცადეთ მაქსიმალურად ობიექტურები ვყოფილიყავით. ვულოცავ გამარჯვებულებს და მრავალ წარმატებას ვუსურვებ!

 კონკურსში I  პრემია დაიმსახურა ლაშა ბიბიჩაძემ მოთხრობისათვის „ჯარისკაცის დედა“, მას პრემია რევაზ ინანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა როზა ინანიშვილმა პირადად გადასცა;   II  პრემია გადაეცა ანზორ სიფრაშვილს მოთხრობისათვის „ფესვი ვაზისა“;   III  პრემია დაიმსახურა ქალბატონმა თინათინ სიყმაშვილმა მოთხრობისათვის „შიში“.

 კონკურსის პრიზიორები — ზურაბ ჯოხარიძე, ნინო ჭინჭარაული, თემურ ცერცვაძე, ლევან ლორია დაჯილდოვდნენ მხატვრების — რეზო (ემელიანე) ადამიასა და  ქეთევან ჯავახიძის ნამუშევრებით.

  დაჯილდოების შემდეგ ჟურნალ „ანეულის“ ახალი ნომრის წარდგინება გაიმართა. ჟურნალის პირველი გვერდები კი კონკურსში გამარჯვებულ მოთხრობებს დაეთმო.

 კონკურსი ყველწლიურად დეკემბრის დამლევს ისევ გამოავლენს გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, ისევ აღნიშნავს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს და გაიხსენებს დიდ ქართველ მწერალს, მან ხომ მზე და სიყვარული დაგვიტოვა ადამიანებს. 

ღმერთმა ინებოს მზე და სიყვარული არასოდეს დალეულიყოს ჩვენს ქვეყანაში!


ყველა ახალი ამბავი
0