ანაკლიაში 10 ოჯახს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

© photo: Sputnikანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქონება 15 სექტემბრის შემდეგ იმ ოჯახებს ჩამოერთმევათ, რომლებმაც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მათი კუთვნილი ქონებისთვის კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვეს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიაში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ კომპენსაციაზე უარი განაცხადეს, საკუთრება იძულებით ჩამოერთვათ, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

„ჯამში გამოსყიდულია 401 ერთეული ქონება, მათ შორის არის საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. უარი შეთავაზებულ კომპენსაციაზე, დღევანდელი მდგომარეობით, 285 ოჯახიდან მხოლოდ 10-მა ოჯახმა განაცხადა", — ნათქვამია სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის ოპერატორი გახდება

ანაკლიის ტერიტორიაზე პროექტის ზემოქმედების არეალში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლების ვადა 15 სექტემბერს იწურება. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ნებისმიერი სახის ქონებასთან დაკავშირებით მესაკუთრე კარგავს პრეტენზიის/მოთხოვნის უფლებას. რაც შეეხება იმ ქონებას, რომელიც სახელმწიფომ ექსპროპრიაციის უფლებით დაარეგისტრირა, მესაკუთრე სურვილის შემთხვევაში კომპენსაციაზე დავას უკვე სასამართლოში აწარმოებს.

ქონების ექსპროპრიაცია განხორციელდა საქართველოს კანონის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საფუძველზე.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ანაკლიის გამგებელმა გელა ლემონჯავამ აცნობა, ოჯახების ნაწილმა უარი თქვა კომპენსაციაზე იმ მიზეზით, რომ ისინი შეთავაზებული თანხის რაოდენობამ არ დააკმაყოფილა.

„ტერიტორია, რომელზეც ასანაზღაურებელი ქონება იყო, თავიდანვე რვა ჯგუფად დაიყო. პირველ ჯგუფში შემავალ ქონებაზე მესაკუთრეებს 1 კვ.მ-ზე 141 ლარს სთავაზობდნენ, ხოლო მე-8 ჯგუფში — 1 კვ.მ-ზე 12 ლარს. სწორედ ამ მე-8 ჯგუფში აღმოჩენილმა მესაკუთრეებმა განაცხადეს ქონების გაყიდვაზე უარი, რადგან ეგონათ, რომ თანხას მოუმატებდნენ, მაგრამ არ მოუმატეს", — აღნიშნა გელა ლემონჯავამ.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტთან ქალაქ–თანამგზავრი გაჩნდება

გამგებლის თქმით, ანაკლიაში ყველაზე ძვირადანაზღაურებადი ქონება 7 ოჯახს აღმოაჩნდა. თითოეულ მათგანზე გაცემულმა საკომპენსაციო თანხამ 1-1,5 მილიონი ლარი შეადგინა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება — ინვესტორს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით, აღნაგობის უფლებით, გადაეცეს 340 ჰა მიწის ნაკვეთი.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ანაკლიის პორტი წარმოადგენს ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კარიბჭეს ევროპის მიმართულებით, რომლის მეშვეობით ქვეყანა აღიდგენს თავის ისტორიულ სტატუსს, როგორც აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყანა. ახალი პორტი ამცირებს ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს, შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას მიიღოს დიდი წყალწყვის გემები, რასაც დღეს მოქმედი პორტები ვერ უზრუნველყოფენ. შედეგად, საქართველოში მოზიდული იქნება დამატებითი ტვირთები, რაც მნიშვნელოვან დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ქვეყანაზე იმის გათვალისწინებით, რომ განვითარდება არა მარტო პორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისები, არამედ გადადინების ეფექტით განვითარდება აგრეთვე სხვადასხვა სახის ახალი ბიზნესი. პორტი აშენდება 9 ფაზად და საბოლოო ჯამში მიაღწევს წელიწადში 100 მლნ ტონის გამტარუნარიანობას. შედეგად სამეგრელოში, აგრეთვე ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ამასთან, მშენებლობის პირველ ფაზაზე მოხდება დაახლოებით 568 მილიონის, ხოლო საბოლოო ჯამში დაახლოებით 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტირება.

ყველა ახალი ამბავი
0