თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ქვეყნის ხელისუფლების ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილია 586 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება. მარტის დასაწყისში კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი.
მთავრობა არ აზუსტებს, პორტში რა ოდენობის ინვესტიციების განხორციელებას აპირებს კომპანია SSA Marine.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ SSA Marine გახდა მეორე ამერიკული კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას განახორციელებს. სხვა ამერიკული კომპანია Conti International LLC, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროში პროექტებს ახორციელებს, კომპანია TBC Holding-თან ერთად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელია.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" პორტის მშენებლობის პირველ ეტაპს დაიწყებს, რომელიც 2020 წლამდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, საკონტეინერო ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 16,8 მლნ ტონა იქნება.
სულ მშენებლობა 52 წელი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 76,5 მლნ ტონა იქნება.
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად აშენდება პორტის ქალაქი–თანამგზავრი.
ამერიკული კომპანია SSA Marine მთელი მსოფლიოს 250–ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27,2 მილიონ კონტეინერს ემსახურება. კომპანიის საქმიანობა ორიენტირებულია სარკინიგზო და საზღვაო სატერმინალო ოპერაციებზე. კომპანია ერთ-ერთ ამოცანად ასახელებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას პორტებში გემების სწრაფი მომსახურებისთვის.