თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, გამშვები პუნქტ „კრაკოვეცის" ტერიტორიაზე, სადაც კვირას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი მისვლას აპირებს, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, იუწყება РИА Новости Украина.
მიხეილ სააკაშვილი, დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მაღალი რისკის მიუხედავად, უკრაინაში პოლონეთიდან დაბრუნებას აპირებს. სააკაშვილის პოლიტიკურმა თანამოაზრეებმა, მათ შორის უმაღლესი რადის დეპუტატებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მისი დახვედრისა და უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში დახმარების სურვილი გამოთქვეს.
მესაზღვრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით მითითებები არ მიუღიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას მას უკრაინის ძალადაკარგულ პასპორტს ჩამოართმევდნენ.
გამშვები პუნქტის ახლოს კარვების ქალაქი განთავსდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინაში მის დაბრუნებას ელოდებიან. გამშვეპ პუნქტთან სააკაშვილის 200-ზე მეტი მიმხრე შეიკრიბა, ასევე მათ სპორტული აღნაგობის რამდენიმე ათეული ახალგაზრდა შეუერთდა. ზოგიერთი სახალხო დეპუტატის, აქციის ორგანიზატორთა და საზიგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების თხოვნით, პოლიცია უსაფრთხოებისა და წესრიგის გაძლიერებულ დაცვას ახორციელებს. ადგილზე იმყოფება საოლქო პოლიციის უფროსი ვალერი სერედა, პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
თავის მხრივ, კვირას დილით დაახლოებით ასი ავტომობილისა და მიკროავტობუსისგან შემდგარი კოლონა სააკაშვილის მომხრეებით ლვოვიდან გამშვები პუნქტ „კრაკოვეცის" მიმართულებით გაემართა, რათა უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულ პოლიტიკოსს დახვდეს.
უკრაინულ პარტიაში Рух новых сил, რომლის ლიდერია სააკაშვილი, აცხადებენ, რომ მის დასახვედრად მზად არის რადის 27 დეპუტატი, მათ შორის არიან სახელმწიფო საფინანსო კონტროლის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ივან კრულკო, უკრაინული პარლამენტის უდიდესი ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატი მუსტაფა ნაიემი და უფრაქციო დეპუტატი ვლადიმირ პარასიუკი. იულია ტიმოშენკომ და რადის დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ (ფრაქცია "თვითდახმარება") ასევე დაადასტურეს სააკაშვილის დახვედრის სურვილი.
სექტემბრის დასაწყისში საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მხარეს პოლიტიკოსის დაკავებისა და ექსტრადირების თხოვნით მესამედ მიმართა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში ოთხ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს.