თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 8 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივი, რეგიონალური და ევროატლანტიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უხელმძღვანელებენ.
აშშ-ის მხრიდან კი შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კევინ ოკიფი და რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი.
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.
2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა 2016 წელს, როდესაც ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ". მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოში სამხედრო მომზადების ცენტრს ააშენებს.
ასევე გასული წლის დეკემბერში თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა და ლევან იზორიამ 2016-2019 წლებში თავდაცვის სფეროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სამუშაო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.