თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებაში დაეხმაროს, ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის ქართველი კოლეგისადმი, ლევან იზორიასადმი გამოგზავნილ წერილში.
მატისი და იზორია ერთმანეთს პირველად ბრიუსელში თებერვლის თვეში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომის შემდეგ შეხვდნენ, რა დროსაც იზორიამ მატისს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
„სიახლე რასაკვირველია საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელებაში. მნიშვნელოვანია, თქვენს მიერ არჩეული კურსი და პრინციპებისადმი ერთგულება“, — პენტაგონის პირველი პირის სიტყვებს ციტირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საკუთარ წერილში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მონაწილეობისთვის.
„დიდად ვაფასებ თქვენი ერის მტკიცე ერთგულებას ჩვენი საერთო დემოკრატიული ფასეულობებისადმი და საქართველოს მიერ ავღანეთის ბრძოლის ველზე ჩვენთან ერთად გაღებული ფასდაუდებელი თავგანწირვისადმი. თქვენი ქვეყნის წვლილი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო პარტნიორობის ძლიერ მაგალითს წარმოადგენს“, — დასძინა მეტისმა.
გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ახლო მომავალში ლევან იზორიასთან შეხვედრის იმედი გამოხატა.
საქართველომ და აშშ-მ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.
2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
სტრატეგიულმა პარტნიორობამ ახალ ეტაპზე გადავიდა 2016 წელს, როდესაც ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ". მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოში სამხედრო მომზადების ცენტრის აშენებას აპირებს.
იმავე წლის დეკემბერში თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა და ლევან იზორიამ 2016-2019 წლებში თავდაცვის სფეროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სამუშაო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.