თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განცხადებაში.
კვირიკაშვილი სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში აშშ-ში 8-10 მაისს იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. კვირიკაშვილი ასევე შეხვდა აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებსა და ექსპერტებს.
"შედგა შეხვედრები ახალი ადმინისტრაციის უმაღლეს დონეზე და მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე, ასევე, სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტის მსვლელობისას გაფორმდა ხელშეკრულება "საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ". ეს დოკუმენტი ტერორიზმის წინააღმდეგ უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების საფუძველს იძლევა.
ოფიციალურ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, კერძოდ, ამერიკელი ბიზნესმენების მონაწილეობაზე ანაკლიის პორტის მშენებლობაში. მშენებლობის პროექტი გათვლილია 50 წელზე და პორტის ეტაპობრივ განვითარებას ითვალისწინებს.
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლების სფეროებში.
2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
სტრატეგიულმა პარტნიორობამ ახალ ეტაპზე გადავიდა 2016 წელს, როდესაც ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ". მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოში სამხედრო მომზადების ცენტრის აშენებას აპირებს.