გავანებოთ თავი კალენდარს და ნუ შევეკამათებით, აჯობებს იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ უიღბლო და ნავსიან დღეებს, რომლებიც აშკარად დისკომფორტს გვიქმნის. მეცნიერებს ამაზეც უფიქრიათ და მთელი რიგი მეთოდებიც გამოუძებნიათ. მეცნიერობას არ დავიჩემებ, მაგრამ ერთი მეთოდი მეც შემიძლია გირჩიოთ: წარმოიდგინეთ, რომ წვიმს კოკისპირულად, თან საშინელი ცივი ქარია, როგორ ვიქცევით ამ დროს? ელემენტარულად, ვპოულობთ თბილ, მყუდრო ადგილს და ველოდებით როდის ჩაწყნარდება ეს ყიამეთი. რა აზრი აქვს სტიქიასთან ლამანჩელი რაინდივით ბრძოლას? ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენ ამ სამყაროს სტუმრები ვართ და როგორ ვიქცევით სტუმრად? მართალია, არ უნდა ჩავყოთ ცხვირი სხვის სამზარეულოში!
მოდით, უფრო გასაგებად ვთქვათ — სამყარომ დღეს უიღბლო დღე შემოგთავაზათ, რატომ? ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტი უნდა მივიღოთ როგორც რეალობა. მისი შეცვლის მცდელობა სამყაროს წინააღმდეგ წასვლის ტოლფასია, ეს კი კარგად არასდროს მთავრდება. ამ დროს დინების წინააღმდეგ კი არ უნდა ვიცუროთ, რომელიც არაქათს გამოგაცლით და უფრო გაგაბოროტებთ, არამედ როგორმე უნდა ვეცადოთ მეორე, მშვიდ ნაპირზე გავიდეთ და დაველოდოთ.
ფსიქოლოგები ამბობენ: თუ ცხოვრებამ ლიმონით მოგჭრათ კბილი, ნუ იდარდებთ, ადექით და იმ ლიმონისგან ლიმონათი გააკეთეთო.
ახლა საკითხი ასე დგება — როგორ გავაღწიოთ საჭირო ნაპირამდე? პირველ რიგში, უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ ეს დღე თქვენი არ არის და შეეცადოთ მოერიდოთ საზოგადოებაში ყოფნას. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ თავი შეიკავეთ სამსახურებრივი თუ პირადი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისგან. იყავით პასიური, უნდა გესმოდეთ, რომ პანიკა და განცდები ვერაფერს შეცვლის. ნურც თავს დაიდანაშაულებთ, რომ ეს უიღბლობა მხოლოდ თქვენ გჭირთ, დანავსული დღეები ყველა მოკვდავის ხვედრია.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ჩვენ ამ სამყაროს სტუმრები ვართ და მის დინებას ვერ შევცვლით, უბრალოდ, დროის ეს პერიოდი როგორმე უნდა „გადავაგოროთ“. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი დღეები სავსეა ცდუნებებით. სუსტი ნებისყოფის ადამიანები ხშირად ეგებიან ანკესზე, რაც შემდეგ სანანებელი უხდებათ, მაგალითად, თამბაქოს წევისთვის თავი გაქვთ დანებებული და ეს დანავსული პერიოდი რომ გადაიტანოთ, გადაწყვეტთ, რომ ერთი-ორი სიგარეტი სტრესს მოგიხსნით. შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ძალიან მალე საკუთარ სინდისთან მოგიწევთ გამკლავება.
უიღბლო დღეები ყველა ჩვენგანს აქვს და ეს ნამდვილად არ არის ტრაგედია. მთავარია ჩვენი რეაქცია დროის ასეთ მონაკვეთზე და რა მეთოდით შევეცდებით მის გადატანას. ნუ ეცდებით მის შეცვლას, ეს დროის, ნერვებისა და ენერგიის უაზრო ხარჯვაა. მიიღეთ სიტუაცია უფრო მარტივად: ეს ხომ სულ რაღაც ერთი დღეა, დიდი ამბავი! შეხედეთ პრობლემას გვერდიდან და აუცილებლად გახდებით იმის მოწმე, როგორ ჩაივლის ეს დანავსული პერიოდი. ხომ ცნობილია, ყველა აღმართს დაღმართი რომ მოჰყვება, ჰოდა, ვინ იცის, იქნებ სამყარო ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის თქვენ ყოფას უკეთესობისკენ? ამიტომ გამოიზოგეთ ძალები, რათა ამ ბედნიერებით გაიხაროთ და სრულად დატკბეთ.
აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს არ გახლავთ უიღბლობის წინააღმდეგ რაიმე გამზადებული რეცეპტი, უბრალოდ რჩევაა მათთვის, ვისაც თავი ასეთად წარმოუდგენია და თვითგვემას მისცემია — არიქა, ჩემი ბრალია ყველაფერიო.
ერთ იგავს მოგიყვებით: უხსოვარ დროს ღმერთმა გადაწყვიტა მოხუცი მწყემსი დაესაჩუქრებინა, რომელიც 60 წლის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს ცხვარს საძოვარზე დაატარებდა. ამ გზაზე ხიდი იყო გადებული, სწორედ ამ ხიდზე დადო ღმერთმა ერთი ტომარა ოქრო. მეორე დილით ხიდს მიახლოებულმა მოხუცმა გაიფიქრა, 60 წელია ამ ხიდზე გავდივარ და გამოვდივარ, ნუთუ თვალდახუჭული ვერ გავივლიო და ასეც მოიქცა. რა თქმა უნდა, ის ოქროთი სავსე ტომარა ვერ დაინახა. არ ვიცი ამის შემდეგ უფალმა რა მოიმოქმედა, მაგრამ ამ იგავის არსი შემდეგში მდგომარეობს: ცხოვრება მშვენიერია, ბატონებო, ისეთი, როგორიც განგებამ გარგუნათ, თქვენ ამ მშვენიერების ნაწილი ხართ, და თუ ხიდზე თვალდახუჭულს შეგიძლიათ გაიაროთ, ეს ზოგჯერ უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდრე მთელი ტომარა ოქრო.