თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2017-2019 წლებისთვის“, ნათქვამია საქართველოს სააგრეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გეგმას, რომელიც ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი ბაქოს შეხვედრაზე მოაწერეს.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბებულია სამ მეზობელს შორის. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან მნიშვნელოვან როლს არამარტო ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი სამი ქვეყნისთვის, არამედ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით, გლობალურად. სამივე ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ცენტრს“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
„ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ღრმავდება ყოველწლიურად აზიასა და ევროპას შორის, გადის ამ დერეფნის მეშვეობით, და ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ ეფექტურად განვახორციელოთ როგორც ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ასევე ვდგამთ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის“, — აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრის ფარგლებში ჯანელიძემ თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან ერთად ხელი მოაწერეს "ბაქოს განცხადებას", რომლის თანახმად მხარეები მიესალმებიან, რომ ქვეყნებს შორის სამმხრივი შეხვედრების ფორმატი ყოველწლიურად ახალ განზომილებებს იძენს.
დოკუმენტში აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვის აუცილებლობა.
მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მომავალი გახსნა განიხილეს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გახსნის ვადები შეიცვალა, და ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება რკინიგზა.
მინისტრებმა პროექტ "სამხრეთის გაზის დერეფნის" რეალიზაციის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის გაგრძელების მზადყოფნაც დააფიქსირეს. აღნიშნული პროექტი ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაგრძელებას წარმოადგენს და თურქეთში გაზსადენ TANAP-ის მშენებლობას და ევროპაში მისი გაგრძელების — გაზსადენ TAP-ის გაყვანას ითვალისწინებს.
ბაქოში გამართული სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები მის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს ჩატარდა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაპიზონის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში. მას შემდეგ შეხვედრები წელიწადში ორჯერ რეგულარულად ტარდება.