ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალ მონაკვეთზე პირველმა მატარებელმა გაიარა

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროექტს სულ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება და, შესაბამისად, ის მეტ ეკონომიკურ ეფექტსაც მოიტანს.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. პროექტ ბაქო-თბილისი-ყარსის ფარგლებში აგებულ ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე პირველმა მატარებელმა გაიარა ყარსიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. მატარებლის პირველი მგზავრები იყვნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმეთ არსლანი, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური. 

ორი ქვეყნის მინისტრებთან ერთად ახალ მონაკვეთზე ასევე იმგზავრეს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა, თურქეთის სამთავრობო და კერძო უწყებების ასზე მეტმა წარმომადგენელმა და ჟურნალისტებმა.

„ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგებისა, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ უნდა მოუტანოს როგორც საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს, ისე რეგიონის ქვეყნებს. იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი მალე ამუშავდება“, — განაცხადა მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთში ვიზიტისას.

თურქეთის მიერ მოდერნიზებულ მატარებელში მხარეებმა გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და პროექტის მიმდინარეობა განიხილეს, იმსჯელეს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებზე.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია – ვნახოთ, რა ეტაპზე ვართ და როდის შეიძლება ეს პროექტი ამოქმედდეს, რადგან სამივე ქვეყანას დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ამ რკინიგზის ამოქმედებამ უნდა მოგვიტანოს. ამ პროექტს აქვს დიდი მასშტაბი, ის იძენს რეგიონულ დატვირთვას და ამის დასტურია ყაზახეთიდან ჩვენი კოლეგის აქ ყოფნაც“, — აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროექტს სულ უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება და, შესაბამისად, მეტ ეკონომიკურ ეფექტსაც მოიტანს.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ოთხი ქვეყნის დელეგაციამ ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე აშენებული საკონტეინერო ტერმინალი და ახალქალაქის სადგური დაათვალიერა, სადაც უკვე დასრულებულია კონსტრუქციების მშენებლობა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. ამჟამად პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია და მისი ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0