თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამშაბათს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა, სადაც თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოინახულებს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთში მიხეილ გიორგაძესთან ერთად მიემგზავრება მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. ვიზიტი 8 სექტემბერს დასრულდება.
დელეგაცია მოინახულებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ისეთ ძეგლებს, როგორიცაა პარხალი, ხახული, ოშკი და ოთხთა.
საქართველომ და თურქეთმა 2017 წლის 23 მაისს ხელი მოაწერეს 2017-2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ რესტავრაცია ჩაუტარონ ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ისინი ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის პროცესი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს. პირველი ეტაპი ითვალისწინებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებაში მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები.
და ბოლოს, პროგრამის მესამე ეტაპზე მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია. გარდა ამისა, მხარეები ასევე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიებაში ხელშეწყობის საკითხზე.