თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველო მესამედ იღებს მონაწილეობას გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალურ პროექტში „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი" (The World's Largest Lesson), რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში 25-29 სექტემბერს ჩატარდება, ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პროექტი გულისხმობს X-XII კლასების მოსწავლეებისთვის გაეროს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების გაცნობას. მოსწავლეებს ესაუბრებიან ეკოლოგიაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების პრინციპებზე.
ვინაიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში შედგენილი საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები.
პროექტში მონაწილეობის მსურველები 4 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
წელს „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი" საკვების თემას ეძღვნება, ამიტომ მოსწავლეები და პედაგოგები საკვებთან დაკავშირებულ პროექტებში ჩაებმებიან.
საქართველომ მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების განხორციელების ვალდებულება 2014 წლის სექტემბერში ჟენევაში გამართულ გაეროს მინისტერიალზე აიღო.
2015 წელს გაერო მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების რეალიზებას შეუდგა და რამდენიმე ამბიციური ამოცანა დაისახა საიმისოდ, რომ დაძლიოს უკიდურესი სიღარიბე, ებრძოლოს უთანასწორობასა და უსამართლობას და 2030 წლისთვის შეაჩეროს კლიმატის ცვლილებები თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ.
„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილის" ავტორები დარწმუნებული არიან, რომ ამ მიზნების მიღწევის შემთხვევაში დედამიწის თითოეული მცხოვრებისთვის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და მომავალი გარანტირებული იქნება. მათი რეალიზაციის ყველაზე მაღალი ალბათობა დადგება მაშინ, როდესაც მათ შესახებ პლანეტის თითოეულ ადამიანს ეცოდინება.
შარშან „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ გაკვეთილში" მონაწილეობა ამერიკელმა მსახიობმა ემა უოტსონმა მიიღო.