თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებული, ამჟამად ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი მჭედლიშვილი მომავლის თვითმფრინავის მოდელის ერთ-ერთი ავტორი გახდა. მოდელი ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA-ს კონკურსზე საუკეთესოდ აღიარეს.
"კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის" 12-კაციანი ჯგუფის ახალი პროექტის პრეზენტაცია NASA-ს სათავო ოფისში 26 სექტემბერს გაიმართება.
"ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის NASA-ს მიერ ჩვენი ტექნიკური ნაშრომის აღიარება. "კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის" გუნდმა გაიმარჯვა NASA-ს აერონავტიკის გამოწვევაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის გუნდები. ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს", — დაწერა მჭედლიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯგუფი NASA-ს კონკურსში პირველად მონაწილეობდა.
როგორც მჭედლიშვილი აღნიშნავს, გამარჯვებული პროექტი ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ 2025-2035 წლებში უნდა განახორციელოს.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის და რწმენისთვის, რომ შეგვეძლო ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში", — აღნიშნა მჭედლიშვილმა.
მომავლის თვითმფრინავს სტუდენტებმა მითოლოგიური ფრთოსანი არსების მიხედვით GRYPHON-ი დაარქვეს (გრიფონი — ლომისტანიანი და არწივისთავიანი მფრინავი არსება).