თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კაცხის სვეტის კეთილმოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
კაცხის სვეტი იმერეთში, ჭიათურის რაიონში მდებარეობს. 40 მეტრი სიმაღლის კლდეზე განთავსებულია ორი მცირე ზომის ეკლესია, ხოლო მის ძირში მონასტრის კიდევ რამდენიმე ნაგებობაა.
კეთილმოწყობის პროექტი ითვალისწინებს ბერების სენაკების, მომლოცველთა სახლისა და მომსახურების შენობის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში აგრეთვე იგეგმება წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა ბერების საცხოვრებელში.
ტენდერის თანხა 1,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. დონორია მსოფლიო ბანკი.
"საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა", — აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
წინადადებების მიღება დაიწყება 28 სექტემბერს და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მშენებლობა შეთანხმების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.
კაცხის სვეტი 40 მეტრი სიმაღლის კირქვის მონოლითია, რომელიც ჭიათურასთან ახლოს მდებარეობს. სვეტის მწვერვალზე VI და VIII საუკუნეებს შორის აგებული ეკლესიაა განთავსებული.
ქრისტიანობამდე კაცხის სვეტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაყოფიერების ღმერთის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. თავისი საკულტო დანიშნულება სვეტს საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ არ დაუკარგავს – ადამიანებს კვლავ სჯეროდათ, რომ ამ ადგილზე ადამიანი ღმერთთან მიახლოებას შეძლებდა. მალე მთის მწვერვალზე ტაძარი ააგეს.
ძეგლის კომპლექსში შედის ქვის სვეტი, მაცხოვრის ამაღლების მონასტერი, ღვინის მარანი, ქვის გალავანი, სვეტის ძირში მდებარე სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია და ძველი სამრეკლო.