თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი კაცხის სვეტის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულებულია, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
ძეგლის კომპლექსში შედის ქვის სვეტი, მაცხოვრის ამაღლების მონასტერი, ღვინის მარანი, ქვის გალავანი, სვეტის ძირში მდებარე სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია და ძველი სამრეკლო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა კაცხის სვეტის სამონასტრო ნაგებობათაგან ერთ-ერთს — სატრაპეზოს.
„სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში სახურავის ქანობის ასამაღლებლად დაშენდა ქვის წყობა, შეიცვალა ძველი კარ-სარკმელები და შენობა იმერული კრამიტის საფარით გადაიხურა“, – აღნიშნულია სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებაში.
კაცხის სვეტი 40 მეტრი სიმაღლის კირქვის მონოლითია, რომელიც ჭიათურასთან ახლოს მდებარეობს. სვეტის მწვერვალზე VI და VIII საუკუნეებს შორის აგებული ეკლესიაა განთავსებული.
ქრისტიანობამდე კაცხის სვეტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაყოფიერების ღმერთის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. თავისი საკულტო დანიშნულება სვეტს საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ არ დაუკარგავს: ადამიანებს კვლავ სჯეროდათ, რომ ამ ადგილას ადამიანი ღმერთთან მიახლოებას შეძლებდა. მალე მთის მწვერვალზე ტაძარი ააგეს.
ოსმანთა შემოჭრის შემდეგ ეკლესია 1944 წლამდე მიტოვებული იყო. ამ წელს კვლევითი ჯგუფი ალპინისტ ალექსანდრე ჯაფარიძისა და მწერალ ლევან გოთუას ხელმძღვანელობით, ამ მთაზე პირველად ავიდა.
ტაძრის აღდგენაში დიდი წვლილი შეიტანა ბერმა მაქსიმემ, რომელმაც 1993 წლიდან კაცხში ცხოვრება და უძველესი ეკლესიის აღსადგენად შემოწირულობის შეგროვება დაიწყო. ახალი ტაძარი მაქსიმე აღმსარებლის (VI–VII ს.ს.) სახელს ატარებს.