თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 3,8% შეადგინა, ხოლო 2017 წლის 7 თვეში, წინასწარი მონაცემებით, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ — 4,4%, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ბრიფინგზე.
„საქართველოს მთავრობამ 2017 წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაგეგმა. ჯერჯერობით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ეს პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და ჩვენ გავალთ უფრო მაღალ შედეგზე, ვიდრე დაგეგმილი იყო. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს", — აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ის მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა რამდენიმე სფეროში: მშენებლობა — 11,7%; სასტუმროები და რესტორნები — 16,4%; ვაჭრობა — 4,8%.
საქართველოში ეკონომიკური ზრდის და განვითარების მთავარი წარმმართველი არის კერძო სექტორი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც თავად კერძო სექტორში არის, აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
„ზრდა არის კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებითაც. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5,0%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6,0%-ით გაიზარდა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 13,2%-ით არის გაზრდილი და 1 106,9 ლარს შეადგენს", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ბოლო მონაცემებით, 2017 წლის პირველ და მეორე კვარტლებში ერთად ბიზნეს-სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,9%-ით გაიზარდა, ხოლო სექტორის გამოშვება — 18,9%-ით.
სფეროების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. ბიზნეს-სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მეტი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 14%), ხელოვნება-გართობა-დასვენების (ზრდა 39%), გადამამუშავებელი მრეწველობის (19%), მშენებლობისა (21%) და ენერგეტიკის სექტორებმა (21%) შეიტანეს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში თანდათანობით შეინიშნება გაჯანსაღების ტენდენცია, რისი მაჩვენებელიც არის ის, რომ იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა წილი, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი, შესაბამისად, ნელ-ნელა იკლებს, რაც ასევე პროდუქტიულობის ზრდის მაჩვენებელია. ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე.
2017 წლის 7 თვეში ექსპორტის ზრდამ 28,9% შეადგინა. გაზრდილია შემდეგი პროდუქტების ექსპორტი: სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 21%-ით; ფეროშენადნობის ექსპორტი 14%-ით; ღვინის ექსპორტი 38%-ით; სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 105%-ით; და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 52%-ით.