თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის ივნისში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,6% შეადგინა, ხოლო 2017 წლის იანვარ–ივნისში – 4,5%, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.
2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე მაღალ ზრდას აჩვენებს, რაც საგარეო სექტორის გაუმჯობესებით შეიძლება აიხსნას, მიიჩნევენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
რეგულატორში აღნიშნავენ საქონლის ექსპორტისა და მომსახურების (ტურიზმი) ზრდას, ასევე ფულადი გადარიცხვების გაზრდას. ამ ფაქტორებთან ერთად გაიზარდა მოხმარება, რაც ასევე უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას.
ამასთან, შიდა მოთხოვნა და საერთო ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ თავისი პოტენციური დონის ქვემოთაა და ამიტომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზემოქმედების რისკებს არ ქმნის, მიიჩნევენ ეროვნულ ბანკში.
საქართველოში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 4%-ზეა დაგეგმილი. EBRD-ს პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5% უნდა იყოს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.
2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა.