თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სავიზიტო ვიდეორგოლებს საბავშვო ევროვიზია 2017-ისთვის (Junior Eurovision Song Contest 2017), რომლის ფინალი თბილისში გაიმართება, საქართველოს ყველა კუთხეში გადაიღებენ.
2017 წლის საბავშვო ევროვიზია თბილისში 26 ნოემბერს სპორტის სასახლეში გაიმართება. ამ წლის სლოგანია — "ანათე" (Shine Bright).
საიმიჯო კლიპები პრესტიჟული ევროპული შოუს მაყურებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს საქართველოს კულტურას, ისტორიას, ტრადიციებსა და ხალხს.
როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, საბავშვო ევროვიზიისთვის 18 ვიდეორგოლს რეჟისორი ზაზა ორაშვილი იღებს.
"ევროპელი მაყურებლისთვის დავაფიქსირებთ საქართველოს არაჩვეულებრივ და ეგზოტიკურ ბუნებას; არაჩვეულებრივ, ავთენტურ სახეებს, ქართულ სახეებს ქართული ღიმილით, თავისი ემოციით. საერთო ჯამში ეს იქნება არაჩვეულებრივი სავიზიტო ბარათი", — განაცხადა ორაშვილმა საზოგადოებრივი არხის ეთერში.
ქართული ვიდეორგოლები ტრანსლირებული იქნება კონკურსის თითოეული მონაწილეის გამოსვლის წინ. კლიპები საბავშვო ევროვიზიისთვის უკვე გადაიღეს აჭარაში, სვანეთში, სამეგრელოში, იმერეთსა და სტეფანწმინდაში.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ეროვნული შესარჩევი კონკურსი უკვე გამოაცხადა. ეროვნულ კონკურსზე განაცხადების შეტანა 9-დან 14 წლამდე სოლისტებსა და მუსიკალურ ჯგუფებს შეუძლიათ. კონკურსი 17 ივლისს დაიწყო და 1 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით "მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა მოიპოვა.
საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა "ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.
ამჟამად 2017 წლის კონკურსზე მონაწილეობა დაადასტურეს საქართველომ, რუსეთმა, უკრაინამ, სომხეთმა, ბელარუსმა, ბულგარეთმა, ირლანდიამ, კვიპროსმა, მალტამ და ნიდერლანდებმა. რუსეთს წარადგენს პოლინა ბოგუსევიჩი სიმღერით "კრილია".
საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზის გამო განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ხორვატიამ. თავისი მონაწილეობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ავსტრალიას, ალბანეთს, ისრაელს, იტალიას, მაკედონიას, პოლონეთს, სერბეთსა და ხორვატიას.