თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ბელარუსი მწერალი, ჟურნალისტი და დოკუმენტური ფილმების სცენარის ავტორი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს 11-12 სექტემბერს ეწვევა.
ქართველ მკითხველს ცნობილი მწერალი გამომცემლობების "ინტელექტისა" და "არტანუჯის" მოწვევით შეხვდება.
"ინტელექტმა" და "არტანუჯმა" სხვადასხვა წლებში ალექსიევიჩის სხვადასხვა ნაწარმოები გამოსცეს. მათ შორისაა "ჩერნობილის ლოცვა" (ნინო ბექიშვილის თარგმანი), "ომს ქალის სახე არა აქვს" (თამარ კოტრიკაძის თარგმანი) და "სექონდ-ჰენდის დრო" (ნინო ბექიშვილის თარგმანი).
სპეციალურად მისი ვიზიტისთვის გამოიცემა კიდევ ერთი წიგნი "ცინკის ბიჭუნები". ესაა სვეტლანა ალექსიევიჩის დოკუმენტური წიგნი, რომელიც 1989 წელს გამოიცა და ავღანეთის ომს ეძღვნება.
"ცინკის ბიჭუნები" ქართულად ზურაბ ქუთათელაძემ თარგმნა.
ალექსიევიჩთან შეხვედრა 12 სექტემბერს 19:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის მთავარ სცენაზე გაიმართება. როგორც ცნობილია, ავტორი მკითხველს ავტოგრაფებს დაურიგებს.
"თუ გსურთ ღონისძიებაზე დასწრება, გვეწვიეთ 2 და 3 სექტემბერს, 12:00-დან 18:00-მდე გამომცემლობა "ინტელექტის" ოფისში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, N5) და მიიღეთ ბილეთები უფასოდ. თითო ადამიანზე გაიცემა მაქსიმუმ სამი ბილეთი. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა", — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიების მხარდამჭერი არიან რუსთაველის თეატრი, საქართველოს მწერალთა სახლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სვეტლანა ალექსიევიჩი 1948 წლის 31 მაისს ივანოვო-ფრანკოვსკში (უკრაინა) სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამის დემობილიზაციის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ბელარუსში გადავიდა. 1972 წელს სვეტლანა ალექსიევიჩმა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება დაამთავრა.
ლიტერატურული საქმიანობა მან 1975 წელს დაიწყო. მწერლის წიგნები 19 ქვეყანაშია გამოცემული.
2000-იანი წლების დასაწყისიდან ალექსიევიჩი ემიგრაციაში იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში ცხოვრობდა. ბოლო ორი წელი ის ბელარუსში ცხოვრობს.