თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ზუგდიდის მუზეუმის საცავში დაცულ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს. საპატრიარქო მრევლს სიშვიდისკენ მოუწოდებს და ვითარების შესწავლას ჰპირდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, სავარაუდოდ კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ჩამოუტანიათ. მსოფლიო მნიშვნელობის ეს უდიდესი სიწმინდე ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული და სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის და კათოლიკოსის ბეჭდით დალუქული.
1923 წლამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი სხვა სიწმინდეებთან ერთად ხობის მონასტერში ინახებოდა. 1923 წელს კი ისინი დადიანების სასახლეში განთავსებულ მუზეუმში გადაიტანეს.
„ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ათწლეულების განმავლობაში მათ მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობის, პროფესიული თავდადებისა და სამოქალაქო გმირობის ფასად ათეისტურ დროს გადაურჩა ყოვლადწმიდა კვართი და არაერთი სხვა სიწმიდე", — ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდის მუზეუმიდან, განსაკუთრებულ შემთვევების დროს ხდება ამ სიწმინდის გადმოსვენება ტაძარში, სადაც ტარდება საღმრთო ლიტურღია და მორწმუნე ადამიანებს მასთან რწმენითა და სიყვარულით მიახლების საშუალება ეძლევათ.
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ უკანასკნელ წლებში, სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს. ზუგდიდის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს იმას, რომ მათ ქალაქში ინახება საქრისტიანოს გამორჩეული სიწმიდე და შესაბამისად, მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებზე. შექმნილ ვითარებას სწავლობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები: მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი შემდეგ წარედგინება საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს. მანამდე კი ჩვენს სულიერ შვილებს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და მოთმინებისკენ", — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დადიანების მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდისა და ხობის ეპარქიებს შორის დაპირისპირების მიზეზად სულ ახლახან იქცა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს გრიგოლის სურს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კვართი ერთი დღით, მოსალოცად ხობის დედათა მონასტერში გადააბრძანონ. შესაბამისი თხოვნით მან სინოდსაც მიმართა.
ზუგდიდის ეპარქიაში კი ფიქრობენ, რომ კვართის ერთი დღის გადატანის მოთხოვნა მხოლოდ მიზეზია და სინამდვილეში მის საბოლოოდ ხობის მონასტერში დატოვებას ემსახურება.
დაპირისპირებაში მრევლიც ჩაერთო და კვართის გადატანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ეპარქიები ღვთისმშობლის კვართის გადატანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.