თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებულია იმით, რა ფორმით გადაიღო აზერბაიჯანულმა გასართობმა ტელეარხმა arb ამჟამინდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ქართულ ტაძარში თავისი გადაცემის ერთ-ერთი სიუჟეტი.
ტელეარხ arb-ის ეთერში გავიდა გასართობი გადაცემა „ფერნანდო ქალაქში", რომელსაც შავკანიანი წამყვანი ჰყავს. წამყვანი სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობს. ის მოხვდება ქართულ ტაძარში, სადაც საკურთხევლიდან გამოჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფრანც შუბერტის „ავე მარიას" "ასრულებს". ჯერ კიდევ დილით ამ ვიდეოს ნახვა YouTube-ზე იყო შესაძლებელი, ახლა ეს ვიდეო დაბლოკილია.
საქართველოს საპატრიარქომ ამ ვიდეოს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხმყოფელი უწოდა.
„გამოვთქვამთ ჩვენ გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან", — ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2015 წელს ტელეკომპანიამ atv კლიპი სწორედ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიღო. მასში ნაჩვენებია ისტორია, რომელშიც მამაკაცი და ქალი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ რაღაც განძი, რომელიც ტაძრის შენობაშია შენახული. ამისათვის ისინი ბერებს თავში ჯოხებს ურტყამენ, რომლებიც გონებას კარგავენ. ქალი და მამაკაცი მათ სამოსს გადაიცვამენ და შიგნით შედიან. სამალავში ისინი სასურველ საგანს პოულობენ. ქალი ნაპოვნი ნივთით ხელში გარბის, ხოლო მამაკაცი ტაძარში შესულ სასულიერო პირებს ებრძვის და ამ დროს აღმოსავლური ბრძოლის ილეთებს იყენებს.
მაშინ ტელეარხის ხელმძღვანელობამ საპატრიარქოს შეშფოთება გაითვალისწინა და ვიდეოკლიპის დემონსტრაცია შეწყვიტა.
„ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია როგორც მართლმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში", — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოში ასევე გამოთქვეს შეშფოთება ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც დაუცველი და შეურაცხყოფილია.
„მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად. ვიმედოვნებთ, ჩვენ ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება", — აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.