თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია Rusatvi2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) დაკითხვაზე დაიბარეს.
საუბარია სუს-ის მიერ 2015 წლის ოქტომბერში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. საბაბი გახდა უკრაინულ პორტალზე გვარამიასა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის ატვირთვა. საუბრისას სააკაშვილი გვარამიასთან ერთად Rusatvi2-ის დასაცავად საპროტესტო აქციას განიხილავს და მოვლენების განვითარების "რევოლუციურ სცენარს" სთავაზობს.
„ეს არის ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერის საფუძველზე აღძრული საქმე, რატომ დღეს და რასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. ერთადერთი რაც მითხრეს არის ის, რომ უნდა გამაცნონ საქმის მასალები, რაც უცნაურია, მოწმეს საქმის მასალებს როგორც წესი არ აცნობენ. შეიძლება დამატებითი დაკითხვა სჭირდებოდეთ ან ბრალის დადგენილება უნდა გამაცნონ და ბრალდებულად მცნონ, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით", — განაცხადა ნიკა გვარამიამ Rustavi2-თან ინტერვიუში.
ტელეკომპანიის მონაცემებით, გვარამია სუს-ის შენობაში დაკითხვაზე შაბათს, 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ შაბათს სუს-ის შენობაში ასევე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის" გიგა ბოკერია დაიბარეს.
ბოკერიას დაბარების საბაბი სააკაშვილსა და ბოკერიას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გახდა, რომელიც უკრაინულ პორტალ wikileaks.center-ის მიერ ასევე 2015 წლის ოქტომბერში აიტვირთა. პორტალი ამტკიცებს, რომ საუბრის ჩანაწერი სტამბულში, ათათურქის სახელობის აეროპორტის VIP-დარბაზში 22 ოქტომბერს გაკეთდა. თანამოსაუბრეები თითქოს საქართველოში სიტუაციის ესკალაციის შესაძლებლობას განიხილავდნენ.
„დამიკავშირდნენ დღეს დილით და როგორც სატელეფონო საუბრიდან მივხვდი, ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეს ეხება ეს ამბავი. ეს არის დავალება პოლიტიკური", — განაცხადა ბოკერიამ Rustavi2-თან ინტერვიუში.
პოლიტიკოსის აზრით, სუს-ში მისი დაბარება უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდთან და ხელისუფლების მიერ ვითარებაზე გავლენის მოხდენის სურვილთან.
„ეს არის პრობლემა, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ეს არის მმართველობა ივანიშვილის, რომელიც ასეთ რაღაცაზე ხარჯავს ჩვენს რესურსს, ეს არის პრობლემა მთავარი", — განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება სააკაშვილსა და ბოკერიას შორის თითქოს შემდგარ საუბარს, პორტალი ამტკიცებდა, რომ ისინი განიხილავდნენ ნიკა გვარამიასა და ვინმე „ბავშვიან ქალზე" თავდასხმის შესაძლებლობას, ხოლო პასუხისმგებლობა ამაზე ახლანდელ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილზე უნდა დაეკისრებინათ.
გარდა ამისა, პორტალი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა თითქოს ბოკერიას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა შესთავაზა, რათა მისი სახელით მადლობა გადაეხადა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა ეთხოვა.