თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს–ი) არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების გამოკითხვის შემდეგ საქმე აღძრა სსსკ–ის მუხლით „საბოტაჟის მომზადება“. ორგანიზაციის ყოფილი წევრები საქართველოს ექს–პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებით გამოდიან.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ათამდე წევრმა ორშაბათს ორგანიზაცია დატოვა. თავისი გადაწყვეტილება მათ ახსნეს იმით, რომ პარტია 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას ამზადებდა, ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინსტრუქციები და დავალებები სააკაშვილისგან შუამავლის საშუალებით უნდა მიეღოთ.
იმავე დღეს „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წარმომადგენლები განმარტებებისთვის სუს–ში გამოიძახეს. გამოკითხვის შემდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის მუხლით „საბოტაჟის მომზადება“, რაც ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ სუს–ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ქვეყანაში უწესრიგობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ჩახშობილი იქნება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კევან იზორიამ, რომელსაც მანამდე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
„კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას, მუშაობენ იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება. მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება, ამას არც სააკაშვილი და არც სხვა პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა ამ პროცესების მიღმა გარკვეული, თუგინდ მოლოდინების გაჩენისაც, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი“, – განუცხდა იზორიამ ჟურნალისტებს.
ენმ–ის წარმომადგენლებმა დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილეობა უარყვეს და ხელისუფლება საზოგადოებაში შიშის დათესვაში დაადანაშაულეს.
„საუბრები დესტაბილიზაციაზე არახალია, ჩვენ ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმოდა ბოლო წლების განმავლობაში ხან საბურავების რევოლუცია, ხან სხვა დაანონსებული დესტაბილიზაციის მცდელობები. ბუნებრივია, ეს რიტორიკა შედის ხელისუფლების და სუს-ის ინტერესებში. იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სასაუბრო კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. ხელისუფლებას აწყობს შიშის დათესვა“, – განაცხადა ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში.
საქართველოში უწესრიგობის მოწყობის მზადებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე პირველდ არ აღძრულა. ამასთან, ეჭვები, პირდაპირ თუ ირიბად, ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით ჩნდება.