"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მისამართით ეს პირველი ბრალდება არ არის. ადრე მსგავსი განცხადებები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთეს. ახლა კი მთავარი მბრალმდებლის როლში ბოლო დრომდე ნაცმოძრაობის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრი ბესო კალაძე გამოვიდა.
ბრალდებები და უარყოფები
არასამთავრობო ორგანიზაციის დატოვების შემდეგ ბესო კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "თავისუფალი ზონის " მეშვეობით ენმ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავს. კალაძე ამტკიცებს, რომ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე შეიტყო.
"სააკაშვილმა ოდესაში მითხრა, რომ არჩევნების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციის მოწყობას აპირებს და რომ ჩვენ ინსტრუქციებს შუამავლების მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების საბაბით ჩვენ საპროტესტო აქციები უნდა დაგვეწყო და ხალხი ქუჩაში გამოგვეყვანა, სახელმწიფო დაწესებულებები დაგვებლოკა",- განაცხადა კალაძემ.
მან განაცხადა, რომ ის და კიდევ ათი პიროვნება ასეთ გეგმას არ ეთანხმებიან და ამიტომ "თავისუფალი ზონიდან" გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველოს სუს-მა ამ განცხადებების შემდეგ ყველა დაკითხვაზე დაიბარა და უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით მოსალოდნელია ოფიციალური განცხადება. ამ დროს, "თავისუფალ ზონაში" კალაძის განცხადებები უარყვეს და მის განცხადებას "სპეცსამსახურების პროვოკაცია" უწოდეს.
"სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომლის ნომერ პირველი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოება, დაკავებულია ასეთი ბინძური საქმეების კეთებით, დაშანტაჟებით, მოსყიდვის გზით ახალგაზრდების გადაბირებით, ახალგაზრდების ბინძურ პროვოკაციებში ჩართვით",- განაცხადა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა დავით გოგოხიამ.
უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია
სანამ პროკურატურა გაარკვევდა ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, საქართველოს შს სამინისტრომ არჩევნების დღეს უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ განაცხადა.
"პირადად მე და შსს მთელი შემადგენლობა დესტაბილიზაციის არც ერთ მცდელობას არ დავუშვებთ",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მისი სიტყვებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან ახლოს პოლიციელების რაოდენობა გაიზრდება.
ყველა პროვოკაციებს ელოდება
არჩევნების მოახლოებასთან ერთად მომავალი პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები სულ უფრო მწვავე განცხადებებს აკეთებენ და ერთმანეთის დადანაშაულებას ცდილობენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან პროვოკაციებს ელოდებიან.
"შესაძლო პროვოკაციების შესახებ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ოფისებში იგეგმება",-განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
ენმ-ში კი ამტკიცებენ, რომ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას მმართველი ძალა ამზადებს.
"დესტაბილიზაციასა და პროვოკაციებს ხელისუფლება მიმართავს. ეს მათი პოლიტიკური დაკვეთაა",-განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. მათში მონაწილეობას19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი მიიღებს. "ქართული ოცნება" და ენმ ძირითად მეთოქეებად რჩებიან, და უახლოეს დღეებში პოლიტოლოგები "კომპრომატების ომის" გამწვავებას ვარაუდობენ.