თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სევდია უგრეხელიძემ აბსურდული უწოდა „ქართული ოცნების“ ბრალდებას პროვოკაციებში.
შეგახსენებთ: მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 18 სექტემბერს ენმ-ის სამმა აქტივისტმა, რომელთაგან ორი შეიარაღებული იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პროვოკაციის მოწყობა სცადა.
„ეს ქართული ოცნების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა. მე, რა თქმა უნდა, ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები, შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ ოცნების შტაბს. თუმცა ამ დროს მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არაფერი აკავშირებდათ“, — განაცხადა უგრეხელიძემ.
მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება ძალიან იოლია ელექტრონული რეგისტრაციის გზით.
ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა პოლიცია გამოიძახეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ პროვოკაციის მომწყობები სევდია უგრეხელიძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო პისტოლეტები ოფიციალურად ჰქონდათ გაფორმებული.