„ქართულმა ოცნებამ“ ენმ ბინძურ პროვოკაციებში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" მომხრე
ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისში იარაღით შევიდნენ, რათა შემდეგ გაავრცელონ ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის შტატებში შეიარაღებული ადამიანები იკრიბებიან.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციის ფაქტის აღკვეთის თაობაზე განაცხადა.

როგორც კობახიძე ამტკიცებს, 18 სექტემბერს, გამთენიისას, ენმ-ის სამი აქტივისტი „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პროვოკაციის მოწყობას შეეცადა.

„აქედან ორ აქტივისტს ეცვა „ქართული ოცნების“ მაისური და ორივეს ჰქონდა ჩადებული ქამარში პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს ჩვენს აქტივისტებთან საუბარი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ადამიანები“, — განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

გიორგი კვირიკაშვილი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წევრები - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობა დადო

„ქართული ოცნების“ აქტივისტებმა პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სამივე ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატ სევდია უგრეხელიძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელია. პისტოლეტები კი, რომლითაც ისინი ოფისში შევიდნენ, ოფიციალურად გაფორმებულია.

პოლიციის მისვლის შემდეგ მოხდა პირების იდენტიფიკაცია. კობახიძის განცხადებით, ერთ მათგანს ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2016 წელს გაცემული პარტიული ბილეთი.

„ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს. ისინი ძლიერი არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში. თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად აღარ აქვთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც სათანადო რეაგირება მოახდინეს ამ ბინძურ პროვოკაციაზე“, — აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა იმით ახსნა, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლო პროვოკაციების მოწყობის თაობაზე.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არაერთხელ უარყვეს ხელისუფლების ბრალდებები. ისინი, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პროვოკაციებში მმართველი პარტიაა დაინტერესებული.

ყველა ახალი ამბავი
0