თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაადასტურა მზადყოფნა, უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა, დაეხმაროს დამკვირვებლებს თავისი სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში. საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას საქართველოში 400-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი მიადევნებს თვალს, აღნიშნულია მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. დიდია სადამკვირვებლო მისიის როლი ამ პროცესში. წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია“, — განაცხადა პრემიერმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისია საქართველოში 13 სექტემბერს, არჩევნების წინა პერიოდში ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესასწავლად ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის მსვლელობისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პირველ პირებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, დეპუტატობის კანდიდატებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.
არჩევნებზე დაკვირვებისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოქტომბერში ჩამოვა. დელეგაციის შემადგენლობაში 32 ადამიანი იქნება. მოწვეულ ორგანიზაციებს შორის არიან ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბული სახელმწიფოების ლიგა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და სხვა.