თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა იჩხუბეს, შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქართველოს ხელისუფლებამ, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გადაწყვიტა. არჩევნები 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ჩხუბი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის ქვემო ქართლის სოფელ გამარჯვებაში, ენმ–ის საარჩევნო შტაბის ტერიტორიაზე პარასკევს ღამით მოხდა. ენმ ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეები შტაბში შეიჭრნენ და თანამშრომელი – ნიკა მჭედლიძე ცემეს.
„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართული ოცნების ლიდერებს, შეაჩერონ ძალადობა, რომლის ძირითადი ინსპირატორი „ქართული ოცნებაა“, მოვუწოდებ, სასწრაფოდ დააკავონ ლაშა ხაჭვანი, გიული ჩილაშვილი და აგრეთვე გიული ჩილაშვილის მამა ვაჟა ჩილაშვილი“, – განაცხადა ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა. მისი კომენტარები პარტიის ვებგვერდზეა განთავსებული.
მმართველ პარტიაში მომხდარი დაგმეს და თავანთ მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.
„გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება“, – აღნიშნულია პარტიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ–ის მუხლით „ცემა“, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას, ან 120–დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან გამოსასწორებელ სამუშაოებს 15 თვემდე ვადით.
უფრო ადრე მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლო პროვოკაციების მოწყობის თაობაზე.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არაერთხელ უარყვეს ხელისუფლების ბრალდებები. ისინი, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პროვოკაციებში მმართველი პარტიაა დაინტერესებული.