საქართველოში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი" გაიმართება

© photo: Georgia for you. Travel and leisure / FBანიმაციური ფილმი "ჯიბის კაცი"
ანიმაციური ფილმი ჯიბის კაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრები ნიქოზში ქართულ და უცხოურ მულტიპლიკაციურ ფილმებს ნახავენ

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი" ამავე სახელწოდების სოფელში (შიდა ქართლი) 2017 წლის 1-7 სექტემბერს უკვე მეშვიდედ გაიმართება.

ფესტივალის მონაწილეები გახდებიან ანიმაციით გატაცებული ბავშვები და ახალგაზრდები, ასევე მსოფლიოში აღიარებული ანიმატორები, რეჟისორები და მხატვრები საქართველოდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და პოლონეთიდან.

წინა წლის ფესტივალისგან განსხვავებით, მდიდარ ქართულ და საერთაშორისო პროგრამასთან ერთად, ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მრავალი თემატური სემინარი.

ვარძია - Sputnik საქართველო
საქართველოში ძეგლების რესტავრაციის საკითხს ინტერნეტ-მომხმარებელი გადაწყვეტს

ერთ-ერთ ასეთ სემინარს "ანიმაციური ფილმის კადრირების პროცესი" ჩაატარებს ამ დარგის პროფესიონალი გერმანიიდან ჯულა საბო. მას ნამუშევარი აქვს 32 სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე, 21 ანიმაციურ სერიალზე, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 7 წლის განმავლობაში, ნამუშევარი აქვს 23 სხვადასხვა სტუდიაში; გერმანიაში, ამერიკაში, უნგრეთში, ფინეთში და სხვა ქვეყნებში. მისი ვორქშოპი გაიმართება თბილისის გოეთეს ინსტიტუტში კინოსტუდია "კვალიXXI"-ს მხარდაჭერით.

გარდა საკონკურსო პროგრამისა, ყოველწლიურად ფესტივალზე ეწყობა ისეთი საერთაშორისო ფესტივალების მონაწილე ანიმაციური სურათების ჩვენება, როგორიცაა "ანსი", "სუზდალი", "ლაიფციგი", ასევე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ანიმაციური სტუდიების ნამუშევრების ჩვენება. ისინი საკუთარი ნამუშევრების ჩვენების უფლებას "ნიქოზს" უანგაროდ აძლევენ.

ფესტივალზე გაიმართება მრავალი საერთაშორისო პრემიის მფლობელი, პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმის, ანა ჩუბინიძის "ჯიბის კაცი" ქართული პრემიერა.

"ჯიბის კაცი" — ეს პატარა კაცუნას, სახელად ედგარის ისტორიაა, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთხელ იგი შემთხვევით გაიცნობს ბრმა გამვლელს. ედგარი მისი მეგობარი და გამცილებელი გახდება და ამავე დროს თავისთვის აღმოაჩენს სრულიად უცნობ, რეალურ სამყაროს.

უცხოურ მულტფილმებთან ერთად ფესტივალის სტუმრები ნახავენ ქართულ ახალ და ძველ ნახატ ფილმებს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სეზონს 17 სექტემბერს გახსნის

კიდევ ერთი ანიმაციური რეტროსპექტივა მიეძღვნება 1984 წელს "კანის ლომის" მფლობელის, ქართველი რეჟისორის დავით თაყაიშვილის შემოქმედებას. რეჟისორ-მულტიპლიკატორი, რომელიც ხუთი ნახატი ფილმის ავტორია, 30 წლისა გარდაიცვალა.

გარდა ამისა, ფესტივალზე გაიმართება ცნობილი პოლონელი რეჟისორისა და სცენარისტის პიოტრ დუმალას ნამუშევრების რეტროსპექტივა.

ფესტივალის დეტალურ პროგრამას ორგანიზატორები 25 აგვისტოს ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნებენ.

ანიმაციური ფესტივალი, ტრადიციულად, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტის, ეპისკოპოს ისაიას (ზურაბ ჭანტურიას) ინიციატივით ტარდება.

ბერად აღკვეცამდე ზურაბ ჭანტურია თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე მხატვარ-ანიმატორის სპეციალობაზე სწავლობდა. მუშაობდა ანიმაციური ფილმების სტუდიაში. 1995 წელს ეპისკოპოსად ხელდასმის შემდეგ ნიქოზის საკათედრო ტაძართან მან პატარა ანიმაციური სტუდია დააარსა. იქვე დაიბადა ანიმაციური ფილმების ფესტივალის ჩატარების იდეა.

ფესტივალზე "ნიქოზი" დასწრება თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0