როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდმა საქართველოს ჩვილთა ინკუბატორები გადასცა

გამოწერა
საქველმოქმედო ფონდი " "ბავშვების ჯანმრთელობისა და მომავლისთვის" საქართველოს 2004 წლიდან ეხმარება.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას საქველმოქმედო ფონდმა საქართველოს გადასცა ახალშობილთათვის განკუთვნილი სატრანსპორტო ინკუბატორები, რომლებიც აღჭურვილია ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

პირველ ეტაპზე, ეს ინკუბატორები ახალშობილთათვის ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. საჭიროების დროს კი ახალშობილთათვის განკუთვნილი სპეციალური ინკუბატორებით აღჭურვილი რეანიმობილები ახლომდებარე რეგიონებშიც გაიგზავნება.

ბავშვთა სახლები ქობულეთში - Sputnik საქართველო
ქობულეთში საოჯახო ტიპის ორი ბავშვთა სახლი გაიხსნა

სატრანსპორტო ინკუბატორები ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის "ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად" ფარგლებში გადაეცა. პროექტი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მთავარი მიზანია, საგანგებო და გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს, ახალშობილთა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

ეს პირველი დახმარება არ არის, რომელსაც ფონდი საქართველოს უწევს. როსტროპოვიჩ–ვიშნევსკაიას ფონდის ინიციატივით 2015 წელს მიღებულია გადაწყვეტილება, საქართველოს ყველა სამშობიარო სახლში ახალშობილებში თანდაყოლილი გულის მანკის კრიტიკული ფორმების გამოსავლენად კვლევის დაფინანსების თაობაზე.

მანამდე ახალშობილთა გამოკვლევის პროექტი, რომელიც 2014 წელს ამოქმედდა, მხოლოდ თბილისში ტარდებოდა. ერთი წლის განმავლობაში გულის მანკი 125 ჩვილს დაუდგინდა, აქედან 25–ს — მანკის კრიტიკული ფორმა. 2016 წლიდან გამოკვლევა ქვეყნის ყველა რეგიონში ტარდება.

გაგუას კლინიკა - Sputnik საქართველო
თბილისში კიდევ ერთი სამშობიარო გაიხსნა

კვლევის არსი შემდეგია: ბავშვის დაბადებიდან 24–48 საათის განმავლობაში სკრინინგის საშუალებით გულის მანკის ალბათობა ვლინდება. მანკის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვილი თბილისის სამედიცინო ცენტრ "ჯო ენში" გადაჰყავთ. მათი უსაფრთხო გადაყვანისთვის ექიმებმა სპეციალური მომზადება გაიარეს.

საქველმოქმედო ფონდი "ბავშვების ჯანმრთელობისა და მომავლისათვის" საქართველოში სხვადასხვა პროექტებს 2004 წლიდან ახორციელებს. ის უკვე დაეხმარა 1,5 მლნ ბენეფიციარს. ყველა პროექტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.

როსტროპოვიჩ–ვიშნევსკაიას ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1991 წელს მსოფლიოში ცნობილმა ვიოლონჩელისტმა მსტისლავ როსტროპოვიჩმა და მისმა მეუღლემ, სახელგანთქმულმა სოპრანო გალინა ვიშნევსკაიამ დააფუძნეს.

ფონდი საზოგადოებრივი არაკომერციული ორგანიზაციაა. მისი შტაბბინა ვაშინგტონში (აშშ) მდებარეობს. ფონდი უკვე დაახლოებით 20 წელია, ხელს უწყობს ბავშვების ჯანდაცვის სფეროში პროგრამების განხორციელებას რუსეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთსა და ყირგიზეთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0