თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქობულეთში ოქტომბერში საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ ოჯახური ტიპის ორი საბავშვო სახლი გახსნა. აქ ახლა გაჭირვებული ოჯახების 20 ბავშვი ცხოვრობს.
საბავშვო სახლების გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან შესაბამისი ლიცენზია მიიღო.
„20 ბავშვი, ძირითადად აჭარის მაღალმთიანი რაიონიდან, რომლებიც ადრე არაადამიანურ პირობებში იზრდებოდნენ, არ ჰქონდათ საკვები და ვერ იღებდნენ განათლებას, საცხოვრებლად კომფორტულ პირობებში გადმოვიყვანეთ“, — აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
ახლა ისინი დადიან სკოლაში, იღებენ ოთხჯერად სრულფასოვან კვებას, უზრუნველყოფილი არიან ახალი ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სასკოლო ნივთებით.
სკოლის გარდა ბავშვები დადიან ცეკვაზე, სპორტზე, სწავლობენ უცხო ენებს. ბავშვებთან მუშაობენ მაღალკვალიფიციური აღმზრდელები და პროფესიონალი ფსიქოლოგები. ისინი ბავშვებს საზოგადოებაში ადაპტაციაში ეხმარებიან.
„სოციალური პარტნიორობა“ ფონდის აღსაზრდელების დახმარებას კვლავაც გააგრძელებს, რათა მათ ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი ჰქონდეთ, აცხადებს ორგანიზაცია.